საქართველო იმ პირველი 46 ქვეყნის ჩამონათვალშია, რომლებიც გაეროს COVID-19-თან (კორონავირუსთან) რეაგირებისა და აღდგენის სატრასტო ფონდის დაფინანსებით ისარგებლებენ პანდემიით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური შოკისგან მოსახლეობის ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების დასაცავად.
გაეროს COVID-19-თან რეაგირებისა და აღდგენის მრავალპარტნიორული სატრასტო ფონდი არის უწყებათაშორისი დაფინანსების მექანიზმი, რომელიც გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა შექმნა 2020 წლის 31 მარტს. მისი მიზანია, დაეხმაროს ქვეყნებს ჯანდაცვის კრიზისის დაძლევაში და პანდემიის სოციალურ-ეკონომიკური შედეგებთან გამკლავებაში.
15 მაისს სატრასტო ფონდმა გაეროს სააგენტოთა ჯგუფს საქართველოში 1 მილიონ აშშ დოლარი გამოუყო, რომელიც ჯანდაცვის კრიზისზე რეაგირებასა და მოწყვლადი ჯგუფების პანდემიის უარყოფითი სოციალურ-ეკონომიკურ შედეგებთან გამკლავებას მოხმარდება.
,"დღეს COVID-19 პანდემიასთან ბრძოლის კვალდაკვალ, უმთავრესი მიზანია ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის გადარჩენა, ვირუსის გავრცელების შეჩერება, და ასევე COVID-19-ით გამოწვეული ეკონომიკური შედეგების დაძლევა და ეკონომიკის მდგრადი და შეუქცევადი აღდგენა. ჩვენ ვაფასებთ ყველა საერთაშორისო პარტნიორის მხარდაჭერას გლობალური პანდემიიდან გამოსვლასა და პოსტ-კრიზისული განვითარების ხელშეწყობაში", - განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნათია მეზვრიშვილმა.
"ჩვენ უსაზღვროდ მადლიერნი ვართ ნიდერლანდების, ნორვეგიის, შვეიცარიისა და დანიის მთავრობების, რომლებმაც პირველი შენატანი გააკეთეს გაეროს COVID-19-თან რეაგირებისა და აღდგენის სატრასტო ფონდში. ეს საშუალებას გვაძლევს დავეხმაროთ საქართველოს პანდემიასთან ბრძოლაში და ადამიანების ცხოვრებაზე COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული შედეგების დაძლევაში", - განაცხადა საქართველოში გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა საბინე მახლმა. - "ჩვენი რეაგირება მიმართულია როგორც ჯანდაცვის სისტემის, წინა ხაზის მუშაკთა მოკლევადიანი, ასევე საზოგადოების ყველაზე დაუცველი და მოწყვლადი ჯგუფების, განსაკუთრებით ბავშვებისა და ხანდაზმულთა, გრძელვადიანი საჭიროებების მოგვარებისკენ".
მიღებული დაფინანსებით გათვალისწინებულია ჯანდაცვის სისტემის უკეთ აღჭურვა მომავალ გამოწვევებთან გასამკლავებლად; ჯანდაცვის, სოციალური და სხვა მუშაკების და ასევე მათი ბენეფიციარების სამედიცინო აღჭურვილობითა და ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით უზრუნველყოფა; სასოფლო-სამეურნეო საშუალებებით ღარიბი და მოწყვლადი შიდა-მეურნეობების დახმარება; წყალზე, სანიტარიასა და ჰიგიენის საშუალებებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში; მუნიციპალიტეტების და სოფლის წარმომადგენლების დახმარება, რათა მათ შეძლონ გადაუდებელი სოციალური მომსახურების გაწევა.
გაეროს გუნდის მხარდაჭერის მთავარი მიმართულება ასევე იქნება ხანდაზმული პირების, ბავშვების, ორსული და მეძუძური დედების დახმარება, მათთვის აუცილებელი სამედიცინო სერვისების მიწოდება; განათლებასა და ბავშვთა სოციალური დაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა, მათ შორის ბავშვებზე ძალადობის პრევენცია; ასევე კრიზისული კომუნიკაცია და საზოგადოების ჩართულობა.
პროექტს "საქართველოს მთავრობისა და ადგილობრივი თემების დახმარება პანდემიის შედეგების შესამცირებლად", ახორცილებს გაეროს ბავშვთა ფონდი, გაეროს განვითარების პროგრამა და გაეროს მოსახლეობის ფონდი, გაეროს სხვა სააგენტოებთან თანამშრომლობით.
აღნიშნული დახმარება საქართველოში გაეროს პანდემიასთან ბრძოლის ძალისხმევის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს მთავრობის დახმარებას ამ რთულ კრიზისთან გამკლავებაში.
პანდემიის დაწყების პირველივე დღიდან გაერო ეხმარება საქართველოს მთავრობას COVID-19-თან დაკავშირებული გადაუდებელი საჭიროებების სწრაფ შეფასებასა და მოგვარებაში და ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების (ქალები, ბავშვები, ხანდაზმულები, ლტოლვილები, მიგრანტები და სხვ.) პანდემიის სოციალურ-ეკონომიკური შედეგებისგან დაცვაში.