ხვალიდან, 18 მაისიდან, მარნეულში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი იხსნება და ქალაქის ორთვიანი იზოლაცია დასრულდება. ქალაქის შესასვლელში განთავსებული ბლოკპოსტი უკვე აიღეს.
მარნეულში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი 23 მარტიდან ამოქმედდა. ამის მიზეზი ის იყო, რომ მარნეულში მცხოვრები პაციენტის COVID-19-ით ინფიცირების წყარო ვერ დადგინდა და ქვეყანა გადავიდა ახალი კორონავირუსის შიდა გავრცელების ეტაპზე. შესაბამისად, მარნეულსა და ბოლნისში კარანტინი გამოცხადდა და მუნიციპალიტეტები ჩაიკეტა.
ამ დროისათვის, საქართველოში კორონავირუსი 695 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 425 უკვე გამოჯანმრთელდა, 12 პაციენტი კი გარდაიცვალა.
საქართველოში ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. თუმცა, მანამდე 31 იანვარს მთავრობამ შექმნა უწყებათაშორისო კომისია, რომელიც ქვეყნაში ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით გადაწყვეტილებებს იღებდა.
21 მარტს საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი. დაწესდა კომენდანტის საათიც.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია.