თბილისის მერია განმართავს თუ რატომ არ განათდება თბილისის ანძა ლგბტ ფერებში. მერიის ინფორმაციით, დღეს ანძას თურქმენეთის ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით, თურქმენეთის დროშის ფერებში გაანათებს.
"საზოგადოების ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს, განვმარტოთ თბილისის ანძის განათების პრინციპი: სხვადასხვა ორგანიზაცია და უწყება, საელჩოები მიმართავენ მერიას შესაბამისი წერილით, რის საფუძველზეც, ანძის განათება ხდება.
კონკრეტულად, 17-18 მაისის განათებაზე შემოსულია რამდენიმე ადგილობრივი ორგანიზაციის და ერთიც - მეგობარი ქვეყნის წერილი. შესაბამისად, ჩვენ ვერ დავარღვევთ ტრადიციას და ვერ გამოვტოვებთ ანძის განათებას თურქმენეთის დროშის ფერებში, მათ ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით.
რაც შეეხება მოგვიანებით შემოსული ადგილობრივი ორგანიზაციების წერილებს, მათი იდეური მრავაფეროვნებიდან და მოთხოვნების განსხვავებულობიდან გამომდინარე, მიღებულია ისეთი გადაწყვეტილება, რომლითაც ყველას მიმართ გამოვხატავთ პატივისცემასა და სოლიდარობას - შემდგომ დღეებში ანძა განათდება თეთრად. ამით გვინდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენი ყველა მოქალაქე არის ერთი მთლიანი და არა მსოფლმხედველობის, ან ცხოვრების წესის მიხედვით დანაწევრებული საზოგადოება.
ამ ქვეყანაში ტოლერანტობას ვერასდროს ჩაანაცვლებს შეუწყნარებლობა და ფობიები. ჩვენ ქვეყანაში სამოქალაქო უფლებები და ვალდებულებები ნაწილდება ყველაზე თანაბრად, მათი სექსუალური, ეთნიკური თუ კონფესიური კუთვნილების მიუხედავად“, - ნათქვამია მერიის განცხადებაში.