არ ვფიქრობთ, რომ ორი პოლიტკრიმინალის ციხეში ყოფნა ქვეყანას საგარეო კუთხით რამე პრობლემას შეუქმნიდა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომელიც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგს გამოეხმაურა.
მისი თქმით, ქართული პოლიტიკის პოლარიზაციას განაპირობებს არა კრიმინალების ციხეში ყოფნა, არამედ მათი ყოფნა პოლიტიკაში.
"გვესმის, რომ კრიმინალების შეწყალება პრეზიდენტის უფლებამოსილებაა. ისიც გვესმის, რომ ამ ორი კრიმინალის შეწყალებისას, სალომე ზურაბიშვილს, სავარაუდოდ, კეთილშობილური მიზანი ამოძრავებდა. შესაძლოა, მას რეალურად მიაჩნია, რომ ბიუჯეტის ქურდისა და პარლამენტის შენობაში შეჭრის მოსურნე რუსული სპეცსამსახურის აგენტის გათავისუფლება ამ ეტაპზე ხელს შეუწყობს პოლიტიკური და საარჩევნო გარემოს დეპოლარიზაციას. თუმცა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ქართული პოლიტიკის პოლარიზაციას განაპირობებს არა კრიმინალების ციხეში ყოფნა, არამედ მათი ყოფნა პოლიტიკაში. არც იმას ვფიქრობთ, რომ ორი პოლიტკრიმინალის ციხეში ყოფნა ქვეყანას საგარეო კუთხით რამე პრობლემას შეუქმნიდა", - განაცხადა კობახიძემ.