ჩვენ განათლებაში ძალზედ ადრე მივიღეთ აუცილებელი ნაბიჯები იმისთვის, რომ შეგვემცირებინა ინფიცირებულების რაოდენობა და 4 მარტიდან სკოლებში სასწავლო პროცესი შეწყდა. ეს იყო კრიტიკულად მნიშვნელოვანი არა მხოლოდ განათლების სფეროში ინფიცირების შესამცირებლად, არამედ მთლიანად საზოგადოებაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განათლების ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ამის შემდგომ განათლების სისტემამ შეძლო ძალიან სწრაფად მობილიზება და დისტანციური ონლაინ გაკვეთილების დანერგვა.
"ამან შედეგი გამოიღო. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში გვყავს ადამიანები რომელთაც არ აქვთ მარტივი წვდომა ინტერნეტთან განათლების სამინისტრომ ეს პრობლემაც მოაგვარა და საზოგადოებრივ მაუწყებელთან ერთად შექმნა ისეთი ფორმატი, როგორიცაა - "ტელესკოლა", რომელიც არა მხოლოდ საქართველოში გახდა პოპულარული, მან საერთაშორისო აღიარებაც მოიპობა. ესაა ფორმატი, რომელიც ეთნიკური უმცირესობების ენებზეც მაუწყებლობს და საქართველოში თითოეულ მოსწავლეს აძლევს საშუალებას, არ ჩაუვარდეს სასწავლო წელი. ამ ნაბიჯების შედეგია ის, რომ საქართველოში 2019-2010 წლები აკადემიურ წლად არ გამოცხადდება.
ჩვენთან სასწავლო წელი დისტანციურად, ონლაინ „ტელესკოლის“ საშუალებით ჩატარდა ჩვეულებრივად, ნორმალურ რეჟიმში და მე-12 კლასელები სასწავლო წელს დაასრულებენ 20 მაისს, პირველკლასელები 27 მაისს, დანარჩენი მოსწავლეები კი 15 ივნისს. ეროვნული გამოცდები ჩატარდება ჩვეულ რეჟიმში და მათი თარიღი გამოცხადდება ივნისში", - აღნიშნა პრემიერმა.
გიორგი გახარიას განცხადებით, ამ მიღწევამ განათლების სისტემაში შედეგი უკვე აჩვენა, თუმცა ეს იყო პირველი რეაგირება განათლების კრიზისზე. პრემიერ-მინისტრის თქმით, განათლების სისტემის რეფორმა რჩება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტად, რომელიც წარმატებით უნდა დასრულდეს.