კორონავირუსით დაღუპული მე-12 პაციენტი 81 წლის იყო. პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის, ლალი ტურძელაძის ინფორმაციით, პაციენტს 29 აპრილს კორონავირუსი აღარ ჰქონდა, მაგრამ იმდენად დამძიმდა თავისი ძველი დაავადებები ქრონიკული, რომ პაციენტის გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.
„29 აპრილს, 14 დღის შემდეგ მას ორჯერადად ჩატარებული ტესტით კორონავირუსი აღარ დაუდასტურდა. თუმცა თავისი ქრონიკული დაავადებებით იყო უმძიმესი პაციენტი. მას ჰქონდა არტერიული ჰიპერტენზია, მიოკარდიუმის გადატანილი ინფარქტი, გულის ყველა სარქველის ნაკლოვანება, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ორმხრივი მწვავე პნევმონია, ორმხრივი დისტრესი, სეფსისი, თირკმლების მწვავე უკმარისობა, ანემია და გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა, რითაც გარდაიცვალა პაციენტი. პაციენტი გარდაიცვალა 13 მაისს, გუშინ, საღამოს 22:00 საათზე. 29 აპრილს კორონავირუსი პაციენტს აღარ ჰქონდა, მაგრამ იმდენად დამძიმდა თავისი ძველი დაავადებები ქრონიკული, რომ პაციენტის გადარჩენა ვეღარ მოვახერხეთ. კორონავირუსმა დაამძიმა პაციენტის ქრონიკული დაავადებები“, – განაცხადა ლალი ტურძელაძემ.