დახურულ და ღია სივრცეებში სამ ადამიანზე მეტის თავშეყრასთან დაკავშირებული შეზღუდვა იხსნება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
მისივე განცხადებით, ავტომანქანით გადაადგილების დროს დაწესებული შეზღუდვები ძალაში რჩება.
"მოიხსნას შეზღუდვა 3 ადამიანზე შეკრების თვალსაზრისით, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მოიხსნება შეზღუდვა 3 ადამიანის გადაადგილებაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებით. ამ შეზღუდვას, მიუხედავად ყველაფრისა, აქვს ძალზედ მნიშვნელოვანი ეპიდემიოლოგიური აზრი, რაზეც ჩვენ ექიმები გვარწმუნებენ და ჩვენ მათი გვჯერა. მოგეხსენებათ, რომ პროფესიონალების რეკომენდაციები ჩვენთვის ამ ნაწილში, განსაკუთრებით ეპიდემიასთან ბრძოლაში კრიტიკულად მნიშვნელოვანია,“- აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.
დღევანდელი გადაწყვეტილებით, დაჩქარდა კიდევ ერთი შეზღუდვის მოხსნა, კერძოდ, 18 მაისიდან გაიხსნება სილამაზის სალონები და ესთეტიკური ცენტრები.