18 მაისიდან სილამაზის სალონები და ესთეტიკური ცენტრები გაიხსნება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი განცხადებით, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, გარკვეული ნაბიჯების დაჩქარება შესაძლებელი გახდა.
"შემდეგი საკითხი, რაზეც მინდა ვისაუბრო გახლავთ იმ წესების დაცვა, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ ჩვენ თანმიმდევრულად და შედარებით უფრო სწრაფად გავხსნათ ეკონომიკა. უნდა გვესმოდეს, რომ რაც უფრო ზედმიწევნით, ეფექტურად და სწორედ დავიცავთ ამ წესებს, მეტი შესაძლებლობა გვექნება სწრაფად ავამუშაოთ ეკონომიკა რაც ჩვენი მიზანია.
მოგეხსენებათ, იმ გადაწყვეტილებებით, რომელიც ჩვენ უკვე მივიღეთ, დღეს სრულად იხსნება ნებისმიერი შესვლა და გამოსვლა ქალაქებში - რუსთავი და გარდაბანი. ასევე, 18 მაისიდან მოიხსნება საკარანტინე ზონა მარნეულში და ჩვენი ამ რეგიონის მცხოვრებლებსაც შეეძლებათ ისარგებლონ გადაადგილების იმ შესაძლებლობით, რომლითაც სარგებლობს ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქე. ეკონომიკის გახსნასთან დაკავშირებით, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, შეგვიძლია რამდენიმე ეტაპი დავაჩქაროთ, გარკვეული ნაბიჯები გახსნასთან დაკავშირებული ცოტა ადრე გადავდგათ და ამ შესაძლებლობის ფარგლებში მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 18 მაისიდან, ორშაბათიდან გაიხსნას სილამაზის სალონები და ესთეტიური სამედიცინო ცენტრები, რაც ვფიქრობთ მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეებისთვის.
გარდა ამისა, მოიხსნას შეზღუდვა 3 ადამიანზე შეკრების თვალსაზრისით, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მოიხსნება შეზღუდვა 3 ადამიანის გადაადგილებაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებით. ამ შეზღუდვას, მიუხედავად ყველაფრისა, აქვს ძალზედ მნიშვნელოვანი ეპიდემიოლოგიური აზრი, რაზეც ჩვენ ექიმები გვარწმუნებენ და ჩვენ მათი გვჯერა. მოგეხსენებათ, რომ პროფესიონალების რეკომენდაციები ჩვენთვის ამ ნაწილში, განსაკუთრებით ეპიდემიასთან ბრძოლაში კრიტიკულად მნიშვნელოვანია", - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.