საქართველოს პრალამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ვენეციის კომისიის დასკვნასთან დაკავშირებით ოპოზიციის ბრალდებებს პასუხობს. მისი თქმით, ვენეციის კომისიამ ერთმნიშვნელოვნად დააფიქსირა, რომ საკონსტიტუციო ცვლილება არის პოზიტიური და ამით საქართველომ სწორი მიმართულებით გადადგა ნაბიჯი. ბაქრაძის განცხადებით, არც ერთ ოპოზიციონერ ლიდერს არ უნდა ეწყინოს, თუ მისი მოსაზრება კომისიის დასკვნაში ვერ მოხვდა. ამის შესახებ ბაქრაძემ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში ისაუბრა.
"ვენეციის კომისია არ არსებობს იმისთვის, რომ გაითვალისწინოს ან არ გაითვალისწინოს რომელიმე ქართველი ოპოზიციონერი ლიდერის პოზიცია. ვენეციის კომისია არის ძალიან ავტორიტეტული ევროპული ორგანიზაცია, რომელიც დასკვნებს აქვეყნებს თავის ექსპერტებზე დაყრდნობით, ამიტომ არც ერთ ოპოზიციონერს არ უნდა ეწყინოს, თუ მისი პოზიცია ვერ მოხვდება კომისიის დასკვნაში. ვენეციის კომისიის ამოსავალი წერტილი არის არა პარტიულობა, არამედ კვალიფიციური დასკვნის მომზადება, თუ რამდენად შესაბამება კანონი ევროპულ, დემოკრატიულ სტანდარტებს. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ამ დასკვნაში ვერ მოხვდა მთელი რიგი მოსაზრებები, რომლებიც ნაკარნახევი იყო შიდა პოლიტიკური კონიუნქტურით", - აღნიშნა ბაქრაძემ და მეტი გამჭვირვალობისთვის ქართულ მედიასაშუალებებს მოუწოდა, სრულად გააშუქონ ვენეციის კომისიის წინასწარი მოსაზრებები, სადაც, ბაქრაძის მტკიცებით, კომისიამ კონსტიტუციის ახალი პროექტი დადებითად შეაფასა.