ჩინეთის ქალაქ უხანში ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას ხუბეის პროვინციის ჯანდაცვის კომიტეტი ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
ამის გარდა, ბოლო 24 საათში ხუბეიში გამოვლინდა ვირუსის 17 უსიმპტომო მატარებელი. მთელ პროვინციაში მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ 616 უსიმპტომო პაციენტი იმყოფება.
ხუბეის პროვინციაში დაფიქსირებულია კორონავირუსის 68 128 დადასტურებული შემთხვევა (50 334 - უხანში), 63 616 ადამიანი გამოჯანმრთელდა (46 464 უხანში), გარდაიცვალა 4 512 (3 869 - უხანში).
გასულ 24 საათში ქვეყანაში გამოვლინდა კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა და ვირუსის 20 უსიმპტომო მატარებელი. გამოჯანმრთელდა 74 პაციენტი. გარდაცვალების შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
ჩინეთის ხელისუფლება იმ უსიმპტომოების რეგისტრაციას არ ახდენს, რომლებსაც ვირუსული ნუკლეინის მჟავა დადებითი აქვთ, მაგრამ სიმპტომები არ აღენიშნებათ. დადასტურებულ შემთხვევათა ნუსხაში მხოლოდ მას შემდეგ შეჰყავთ, რაც სიმპტომები გამოუვლინდებათ.
იყო თუ არა ახალი ინფიცირებული ვირუსის უსიმპტომო მატარებელი, რომლსაც სიმპტომები შემდეგ გამოუვლინდა, ჯანდაცვის კომიტეტის არ განმარტავს, თუმცა აღნიშნავს, რომ პროვინციის მასშტაბით ამ მომენტისთვის მხოლოდ ერთი ახალი დადასტურებული შემთხვევაა და პაციენტი უხანში ცხოვრობს.