ევროკომისია წევრ სახელმწიფოებს საზღვრების დახურვის 15 ივნისამდე გახანგრძლივებას ურჩევს. ამის შესახებ ევროკომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
"მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირისა და შენგენის ასოცირებული ზოგიერთი სახელმწიფო დგამს გარკვეულ ნაბიჯებს პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების შესამსუბუქებლად, სიტუაცია კვლავინდებურად მყიფე რჩება როგორც ევროპაში, ისე მთელ მსოფლიოში. მოგზაურობის შეზღუდვების გაუქმება ეტაპობრივად უნდა მოხდეს", - ნათქვამია ევროკომისიის განცხადებაში.
აღნიშნულია, რომ ეს გაფრთხილება სარეკომენდაციო ხასიათისაა და წევრი სახელმწიფოები გადაწყვეტილებას ეროვნულ დონეზე მიიღებენ.
ევროკავშირმა საზღვრების დახურვის შესახებ გადაწყვეტილება 17 მარტს მიიღო.