კორონავირუსი ჩვენი ცხოვრების თანამგზავრი იქნება საკმაო დროის განმავლობაში. განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ "ტვ პირველის" ეთერში.
"ჩვენ უნდა ვისწავლოთ თანაცხოვრება COVID19 ერთად. ის ჩვენი ცხოვრების თანამგზავრი იქნება საკმაო დროის განმავლობაში. იმიტომ რომ გამოჩნდა, რომ კოვიდი არ არის დაავადება, რომელიც აფეთქდა ერთხელ, მერე ჩაწყნარდა და აღარ იქნება. ჩვენ მოგვიწევს ამ დაავადებასთან ერთად ცხოვრება. იქნება შემთხვევები ამ დაავადებისა, მაგრამ არ გვინდა, რომ იყოს დიდი ეპიდაფეთქებები", - თქვა გამყრელიძემ.
მისი თქმით, სიტუაცია დამშვიდებისკენ მიდის, თუმცა არ უნდა შევიქმნათ ილუზია, რომ კორონავირუსი უკვე დავამარცხეთ.
"არის რაღაც ინდიკატორები, რომელიც გვაძლევს საშუალებას ვთქვათ, რომ სიტუაცია ოდნავ დამშვიდებისკენ მიდის, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა გავთამამდეთ და ილუზია არ უნდა შევიქმნათ, რომ ჩვენ კორონავირუსი უკვე დავამარცხეთ. ის ნაბიჯ-ნაბიჯ გეგმა, თანდათან შემსუბუქებისა აუცილებლად უნდა წავიდეს თანდათანობითი შემსუბუქებით და ერთბაშად არ შეიძლება გახსნა. სწორედ ამ გეგმას მიჰყვება საქართველოს მთავრობა", - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.