თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის COVID-19-ით ინფიცირებული 44 პაციენტი მკურნალობს. კლინიკის სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ახალი შემთხვევა არ დამატებიათ.
„ჩვენს ცენტრში კვლავ არ მოთავსებულა ახალი დადასტურებული პაციენტი და გვყავს 44 დადასტურებული შემთხვევა. უცვლელია ჩვენი პაციენტების სტატუსი, ანუ ზოგადი მდგომარეობა. ერთი კრიტიკული პაციენტია. შეგვიძლია ვთქვათ, რომ გუშინ პირველი დღე იყო, როცა დაავადების პროგრესირება არ შეიმჩნეოდა, თუმცა კვლევის შედეგებით პროცესის სტაბილიზაცია მაინც ვერ მივიღეთ. ამიტომ პროგნოზირება შეუძლებელია. მაინც კრიტიკული პაციენტია, ვნახოთ კიდევ რამდენიმე დღის განმავლობაში მისი სტატუსი როგორ შეიცვლება. შედეგებზე შემდეგ ვილაპარაკებთ.
კვლავ ერთი მძიმე პნევმონიით გვყავს პაციენტი, რომლის მდგომარეობაც უკვე გაუმჯობესებულია და ალბათ ისიც გადაინაცვლებს საშუალო სიმძიმის პაციენტთა რიცხვში. დანარჩენი პაციენტები გვყავს საშუალო და მსუბუქი“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.