კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი, რომელიც სახლში მკურნალობდა, გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა, ხათუნა ზახაშვილმა ფეისბუკლაივის დროს განაცხადა.
"შემიძლია, გაგახაროთ, რომ ის გამოჯანმრთელდა. ამჟამად სხვა არავინ მკურნალობს სახლში. ჩვენი ჯანდაცვის სისტემა მედგრად უძლებს დაავადებულთა ამ რაოდენობას, რაც ახლა გვყავს. ეს კარგია ორი მიზეზის გამო - პირველი ის, რომ ეპიდემიოლოგიური სიტუაცია ამ მხრივ, უფრო კარგად არის მართული, იმიტომ, რომ დაავადებული ადამიანები ამ გარემოში იზოლირებულები არიან. მეორე ის, რომ მუდმივი სამედიცინო მეთვალყურეობა მიმდინარეობს მათ ჯანმრთელობაზე", - თქვა ზახაშვილმა.