დეკემბერსა და იანვარში გრიპზე ტესტირებული ნიმუშები კორონავირუსზე გადაიტესტა და არცეთთან დადასტურდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა ხათუნა ზახაშვილმა ფეისბუკლაივის დროს განაცხადა.
მისი განცხადებით, ამით, ერთგვარად, დამტკიცდა, რომ 23 თებერვლამდე საქართველოს ტერიტორიაზე კორონავირუსის შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
"დეკემბერ-იანვარში ტესტირებლი ნიმუშები ჩვენთან გადაიტესტა, მათ შორის, ახალ კორონავირუსზე. დეკემბრიდან მოყოლებული შეგროვებული ყველა ნიმუში, რომელიც ტესტირებული იყო გრიპზე, ასევე გაიტესტა შემდგომში, ახალ კორონავირუსზე და 23 თებერვლამდე არც ერთ მათგანში, როდესაც პირველი შემთხვევა დავარეგისტრირეთ საქართველოში, ახალი კორონავირუსი არ დაგვიჭერია. ეს არის ერთ-ერთი მტკიცებულება იმის, რომ მანამდე ჩვენს ქვეყანაში ახალა კორონავირუსი არ ყოფილა", - განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.