"რევოლუციამდე ბავშვებს ფერადი ფანქრები გვქონდა და ხოლო რევოლუციის შემდეგ აქვთ ფერადი კომპიუტერი, ეს არის მთავარი განსხვავება", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში სტუმრობის დროს განაცხადა.
"როდესაც ამ სკოლაში 0 კლასში შემიყვანეს სკოლის დირექტორმა ფერადი ფანქრები დაგვირიგა, ეს იყო რევოლუციამდე. რევოლუციამდე ბავშვებს ფერადი ფანქრები გვქონდა, მას შემდეგ კი ფერადი კომპიუტერები აქვთ, ამიტომ ისინი ჩვენზე მაგრები გამოვლენ. დაბალი წარმოდგენები აქვთ ფსევდო მეცნიერებს და ფსევდო "ჭკუის კოლოფებს", ნახეთ როგორ კარგად და ადვილად ითვისებენ ბავშვები ამ კომპიუტერს", - აღნიშნა პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, მისი აიპოდი გამოგონილია კალიფორნიაში და დამზადებულია ჩინეთში, ამიტომ სანამ ბავშვები გაიზრდებიან საქართველოში მანამდე უნდა ისწავლონ მსგავსი ტექნიკის დამზადება.
"როდესაც ეს ბავშვები გაიზრდებიან დარწმუნებული ვარ ისინი შესძლებენ მსგავსი რაღაცეების გამოგონებას. ამის გამომგონებელი დღეს ყველა მილიარდელია. სიღარიბიდან ამოსვლის ყველაზე კარგი მეთოდი არის ცოდნა, ტექნოლოგიების შექმნა, ახალი პროდუქტის წარმოება და მათი მსოფლიო ბაზარზე გატანა. დღეს კომპიუტერი და უცხო ენა თუ იცი, პირველ რიგში ინგლისური ენა, რომ მიიღო და გადამუშაო ინფორმაცია შეგიძლია შენი ინტელექტით კონკურენცია გაუწიო ჩინელებსაც, კალიფორნილებსა და სხვებსაც", - აღნიშნა მან.
მისივე თქმით, დღეს საქართველოში ბავშვები ისევე იზრდებიან, როგორც ნებისმიერი ბავშვი კალიფორნიაში, იაპონიაში, ამიტომ იქ უკვე ღია შეჯიბრია იწყება და ვინც ინტელექტით აჯობს ის იქნება მდიდარი და წამატებული.
"ჩვენი ხალხი ძალიან ნიჭიერია, მაგრამ ასპარეზი არ ჰქონდათ, რომ ეს ნიჭი გამოევლინათ. ყოველთვის მეოთხე-მეხუთე პლანზე ვიყავით. ახლა ვართ პირველ პლანზე და ეს არის მთავარი მიზანი კომპიუტერის და ინგლისური ენის ცოდნის", - განაცხადა სააკაშვილმა.
როგორც ცნობილია, საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებით პირველ ექსპერიმენტულ სკოლა საქართველოს გარდაცვლილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანისას სახელობის გახდება.