უსიმპტომო პაციენტების გამოვლენა მნიშვნელოვანია ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, ამისთვის კი გაფართოებული ტესტირებაა საჭირო, - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ექიმმა-ეპიდემიოლოგმა, ნიუ-იორკის შტატის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის მაგისტრმა, ეკატერინე ქარქაშაძემ.
მისი თქმით, საქართველოში უკვე დადგა დრო, რომ საჭიროა, სეროლოგიური ტესტირება ანუ ანტისხეულების კვლევა სისხლში, რაც გვიჩვენებს გადატანილ ინფექციას.
"კვლევები ადასტურებს, რომ ძალიან ხშირია, თითქმის ნახევარია COVID-19-ის უსიმპტომო შემთხვევები. უსიმპტომო პაციენტი ასევე წარმოადგენს ინფექციის გავრცელების წყაროს. ეს ყველაზე რთულად კონტროლირებადი რგოლია ეპიდემიის ჯაჭვში, რადგან ადამიანმა თვითონაც არ იცის, რომ ინფიცირებულია. უსიმპტომო ინფიცირებულებს, არ ესაჭიროებათ არანაირი სახის ჩარევა მკურნალობის თვალსაზრისით. მისთვის ზიანი მინიმალურია, მაგრამ გარშემომყოფებისთვის საფრთხეს წარმოადგენს. ამდენად, ასეთი "პაციენტი" უნდა იყოს თვითიზოლაციაში და მას არ ესაჭიროება ჰოსპიტალიზაცია", - განმარტა ქარქაშაძემ და აღნიშნა, რომ გარდა ამისა, სეროლოგიური ტესტირება აუცილებელია იმისთვის, რომ დავადგინოთ მოსახლეობის რა ნაწილმა გადაიტანა ინფექცია.
მისივე თქმით, ცნობილია, რომ SARS-COV-2-სთვის რეპროდუქციული მაჩვენებელი(R0) 2-დან 3-მდე მერყეობს, ზოგიერთი მონაცემით, კი 6-მდე მერყეობს. ანუ, რეპროდუქციული რიცხვი გვიჩვენებს, ერთი ინფიცირებულიდან რამდენი ადამიანი შეიძლება დაინფიცირდეს.
„ეს მაჩვენებელი მართებულია იმ შემთხვევაში, როცა მოსახლეობა არ არის იმუნური ანუ ეპიდემიის საწყის ფაზაში. დროთა განმავლობაში კი ანგარიშობენ Rt-ს, რომელიც გვიჩვენებს, თუ საშუალოდ რამდენი ადამიანი ინფიცირდება ერთი ინფიცირებულისგან დროის რეალურ მონაკვეთში. Rt-ზე გავლენას ახდენს პრევენციული ღონისძიებები - ჰიგიენიდან დაწყებული საკარანტინო ზომებით დამთავრებული, რომლებიც ამცირებს ამ მაჩვენებელს, თუმცა მათი მოხსნის შემდეგ, შესაძლოა, კვლავ იმატოს მან. ლოგიკურად, რაც უფრო იმუნურია საზოგადეობა, ვაქცინით, ან გადატანილი ინფექციით, მით უფრო იკლებს Rt. როდესაც R<1, ეს ნიშნავს, რომ ეპიდემია უკუსვლას იწყებს. ეს განსაკუთრებით ინფორმაციულია ეპიდემიის მართვის პირობებში, რადგან იგი ერთ-ერთ ლეგიტიმურ კრიტერიუმს წარმოადგენს შეზღუდვების შესამსუბუქებლად ან გასამკაცრებლად", - ამბობს "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ქარქაშაძე და აღნიშნავს, რომ საინტერესოა, ამ მაჩვენებლის გამოანგარიშება საქართველოში, რისთვისაც აუცილებელია ჩატარდეს სეროლოგიური ტესტირება და არსებობდეს ინფორმაცია, თუ რამდენმა გადაიტანა უსიმპოტმოდ.
"ბუნებრივია, რომ უსიმპტომო ან მცირესიმპტომიან პაციენტს, შესაძლოა, გადატანილი ჰქონდეს ინფექცია და ამის შესახებ არ იცოდეს. სწორედ ამიტომაა მართებული სეროლოგიური ტესტირება. საბოლოო ჯამში, ეს მოგვაწვდის ინფორმაციას იმუნური მოსახლეობის ხვედრითი წილის შესახებ და შესაბამისად, ინფექციის გავრცელების პოტენციალზე მოცემულ დროში (Rt). ეს კი წარმოადგენს ამოსავალ წერტილს, რასაც უნდა დაეყრდნოს გათვლები და მოქმედებები ეპიდემიის მართვის პროცესში“, - განაცხადა ქარქაშაძემ.