რუსეთის ფედერაციის COVID-19-ის მონიტორინგის ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 10 581 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ზედიზედ მეორე დღეა რუსეთში კორონავირუსის 10 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა ფიქსირდება. წინა 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 10 633 ახალი შემთხვევა იყო აღრიცხული. განსაკუთრებით რთული ვითარებაა დედაქალაქ მოსკოვში.
რუსეთის ოფიციალური კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებლები ახლა აღემატება ჩინეთის, თურქეთის და ირანის მონაცემებს. სულ ქვეყანაში 145 268 შემთხვევაა გამოვლენილი.
გასულ კვირას ასევე დადასტურდა, რომ პრემიერ-მინისტრ მიხაილ მიშუსტინს კორონავირუსის დიაგნოზი დაუსვეს.
რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, რუსეთში შეზღუდვები ეტაპობრივად მოიხსნება, თუმცა ზომები ნაწილობრივ ვაქცინის შექმნამდე შენარჩუნდება.