იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის ინფორმაციით, ხვალიდან, 5 მაისიდან იურსიტიციის სახლები და მომსახურების ცენტრები გაიხსნება, თუმცა გარკვეული დადგენილი წესებით იმუშავებენ.
კერძოდ, მოქალაქემ მომსახურების მისაღებად უნდა დაჯავშნოს ვიზიტი ონლაინპორტალზე mygov.ge და უნდა მიუთითოს მისთვის სასურველი დღე და დრო.
წულუკიანის თქმით, ამ პროცედურის გვერდის ავლით შენობაში ვერ მოხვდება ვერცერთი მოქალაქე.
"ეს ეხება იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში მისაღებ ყველა იმ სერვისს, რომელსაც თქვენ ვირუსის გავრცელებამდე იღებდით. ერთადერთი სერვისი, რომელიც არ იქნება აქტიური ეს არის რიტუალის მეშვეობით ქორწინების სერვისი, ვინაიდან ეს სერვისი გულისხმობს გარკვეული ოდენობის ადამიანების ერთად ყოფნას დახურულ სივრცეში", - ამბობს წულუკიანი.
მინისტრი ასევე აღნიშნავს, რომ შენობაში არ დაიშვებიან არასრულწლოვნები, დანარჩენ მოქალაქეებს კი აუცილებლად უნდა ეკეთოთ პირბადე.
"ეს დროებითი წესი იმოქმედებს, მინიმუმ საგანგებო მდგომარეობის ვადით და ეპიდემიოლოგიური სიტუაციის შეფასების კვალდაკვალ ჩვენ შევძლებთ კორექტირება გავაკეთოთ იმ ახალი წესის, რომელსაც ჩვენ დღეიდან გთავაზობთ", - ამბობს წულუკიანი.