ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ბიზნესს მოუწოდა, დროულად დარეგისტრირდნენ, რათა ჯანდაცვის სამინისტროს შრომითი ინსპექციის კონსულტაცია დროულად მიიღონ. ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, რომ ბიზნესის გახსნის დაჩქარებისთვის აღნიშნული რეგისტრაცია აუცილებელია.
"ჩვენი სურვილია, რომ ეკონომიკის გახსნის გეგმები დავაჩქაროთ იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში ხელი შევუწყოთ ეკონომიკის განვითარებას. თუმცა, აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი კერძო სექტორის და ეკონომიკური გუნდის მაღალ პასუხისმგებლობას. ბოლო პერიოდის განმავლობაში ვიხილეთ, როგორი მაღალი პასუხისმგებლობით გამოირჩევიან ჩვენი მოქალაქეები, რის შედეგადაც სამთავრობო გუნდმა შეძლო და კოვიდინფექციის მართვასთან დაკავშირებით საუკეთესო შედეგები დადო. სწორედ ახლა დადგა ის დრო, როდესაც კერძო სექტორს ეკისრება მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა. თქვენ იცით, რომ ჯანდაცვის სამინისტროს შრომითი ინსპექციის სამსახური უკვე რამდენიმე დღეა მუშაობს იმისთვის, რომ ხელი შეუწყოს ბიზნესს, რათა მათ შეძლონ გახსნის ღონისძიებების დაჩქარება. ამისათვის, საჭიროა, მათი რეგისტრაცია და მათი მზაობის დაფიქსირება, უნდა მიიღონ ის კონსულტაციები შრომითი ინსპექციის სამსახურის მხრიდან, რითაც ისინი შეძლებენ თავიანთი ბიზნესი უსაფრთხოდ მართონ. მე მოვუწოდებ ყველას, რომ მოხდეს დროული დარეგისტრირება იმისათვის, რომ მთავრობის მხრიდან დაგეგმილი ღონისძიებები შეფერხების გარეშე განხორციელდეს”, -განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.