მსოფლიოში კორონავირუსით ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაზარალებულ ქვეყანაში, იტალიაში რვაკვირიანი მკაცრი კარანტინის შემდეგ, დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება დაიწყო.
შეზღუდვების შემსუბუქება ძირითადად საწარმოო და სამშენებლო საქმიანობას ეხება. რაც შესაძლებლობას მისცემს 4,5 მილიონამდე მოქალაქეს, სამუშაო ადგილებს დაუბრუნდენ.
დაშვებულია პარკებსა და სკვერებში სეირნობა. ნებადართულია ახლო ნათესავების და რეგულარული პარტნიორების მონახულება. ქალაქებში გაიხსნა სასაფლაოები.
გაიხსნა ეკლესიები, თუმცა ნებადართულია შენობაში არაუმეტეს 15 ადამიანის ყოფნა, რომელთაც უნდა დაიცვან უსაფრთხო მანძილი და ნიღბები გამოიყენონ.
იტალიაში ეკლესიები ოფიციალურად არ დახურულა მაგრამ შენობასთან მიახლოება პრაქტიკულად შეუძლებელი იყო.
დღეიდან შესაძლებელი იქნება არამხოლოდ მიტანის სერვისით სარგებლობა, არამედ საკვები ობიექტიდან შეკვეთის წაღება.
დაშვებულია სპორტის ინდივიდუალური სწავლება. ჯგუფური ვარჯიშები ისევ აკრძალულია.
მაღაზიები დახურული რჩება, ისევე როგორც რესტორნები, ბარები, სავაჭრო ცენტრები, სპორტული დარბაზები, საცურაო აუზები და სილამაზის სალონები.
სასწავლო დაწესებულებები და საბავშვო ბაღები არ იხსნება. სავარაუდოდ, სტუდენტები და კურსდამთავრებულები გამოცდების ონლაინ რეჟიმში ჩასაბარებლად ემზადებიან.
როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, ეს იქნება სერიოზული ტესტი ვირუსთან თანაცხოვრების ჩვევის გამოსამუშავებლად.
შეზღუდვების შემსუბუქების მეორე ეტაპი 18 მაისიდან დაიწყება. სწორედ ამ დღიდან იგეგმება, მუზეუმების, გალერეების და ბიბლიოთეკების გახსნა. დასაშვები იქნება გუნდური სპორტული აქტივობების განახლება.
ვარაუდობენ, სილამაზის სალონები, ბარები და რესტორნები პირველი ივნისიდან გაიხსნება.
მთავრობა იტოვებს უფლებას, ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, შეზღუდვები კვლავინდებურად გაამკაცროს.