საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო აბიტურიენტებისთვის ახალ პროექტს „ვებსკოლას“ იწყებს, რომელიც მათ მიღებული ცოდნის განმტკიცებისა და ახალი ცოდნის შეძენის შესაძლებლობას მისცემს.
✔ პროექტის ფარგლებში, პრაქტიკოსი მასწავლებლები აბიტურიენტებისთვის ჩაატარებენ ვებინარებს, რომლებიც პლატფორმა https://el.ge/ -ზე აიტვირთება. ვებინარების განრიგი ყოველკვირეულად განახლდება და ეტაპობრივად ყველა საგანს მოიცავს.
✔ ახალი პროექტი აბიტურიენტებისთვის 4 მაისიდან იწყება და 4 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. ვებინარებზე დარეგისტრირება ნებისმიერ მსურველს 2 მაისიდან შეეძლება.
✔ რეგისტრაციის მარტივი ფორმა ვებგვერდზე https://el.ge/ , ვებინარების ბლოკში უკვე განთავსებულია. მნიშვნელოვანია, რომ თითოეული ვებინარის აუდიო ჩანაწერი შეინახება და ნებისმიერი მსურველისთვის ხელმისაწვდომი იქნება.
▶ გარდა ამისა, მოსწავლეებს საშუალება ექნებათ ღიად დააფიქსირონ საკუთარი მოსაზრებები, შეკითხვები, სურვილები და შენიშვნები, რაც განიხილება და გათვალისწინებული იქნება შემდგომი ვებინარების დაგეგმვისას.
▶ პანდემიის პირობებში დისტანციური სწავლებისა და „ტელესკოლის“ დანერგვის შემდეგ ახალი პროექტი აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდებისთვის მომზადებაში გაუწევს დახმარებას.
✅ კორონავირუსის პრევენციის მიზნით პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სამინისტროს დისტანციურ სწავლებაზე ხელმისაწვდომობის მაქსიმალურად გაზრდა დაევალა. სწორედ ამ ამოცანის შესრულებას ემსახურება სამინისტროს მიერ დისტანციური სწავლების მიმართულებით განხორციელებული პროექტები.