ჩვენ უკვე დავამზადეთ რამდენიმე დონორის პლაზმა, კიდევ ვაზუსტებთ რაღაცებს და უახლოეს 1-2 კვირაში ამ მეთოდს გამოვიყენებთ - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა “ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
როგორც თენგიზ ცერცვაძემ აღნიშნა, ეს მეთოდი მსოფლიოში ჯერ მხოლოდ 2-3 ქვეყანას აქვს გამოყენებული.
მისი განმარტებით, მასობრივად ეს მეთოდი ვერ გამოდგება, მაგრამ გამოდგება კრიტიკულ შემთხვევაში, „როდესაც სხვა არც ერთი მედიკამენტი არ მოგცემს შედეგს და უეფექტო იქნება“.
„ასევე, მისი გამოყენება მასობრივად თეორიულად შეიძლება, მაგრამ პრაქტიკულად ეს ვერც ერთი ეპიდემიის – ვერც ებოლას, ვერც ღორის გრიპის დროს ვერ მოხერხდა. ეს ხომ არ არის მედიკამენტი რომ მასობრივად აწარმოო, ან თუნდაც ვაქცინა, ვაქცინა რომ შეიქმნება მერე შეიძლება ის მილიონობით დოზა გამოუშვა. აქ თითოეული დონორი უნდა გყავდეს თითოეული შემთხვევისთვის. ერთი დონორიდან ერთი პლაზმა მზადდება, მაგრამ ოცი დონორიდან ერთია გამოსადეგი მხოლოდ“, - აღნიშნა თენგიზ ცერვაძემ.
მისი თქმით, რამდენიმე პლაზმის დასამზადებლად რამდენიმე ათეული დონორი გასინჯეს, რადგანაც სისხლში საკმარისი ანტისხეულები არ ჰქონდათ.