გერმანულმა კომპანიამ BioNTech-მა, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე, ამერიკულ ფარმაცევტულ გიგანტ Pfizeer-თან ერთად მუშაობს, ვაქცინის ადამიანებზე გამოცდა დაიწყო. ინფორმაციას Wall Street Journal-ი ავრცელებს.
Pfizer-ი აცხადებს, რომ შეერთებულ შტატებში ექსპერიმენტული ვაქცინის ადამიანებზე გამოცდა შემდეგ კვირაში დაიწყება და, შესაძლოა, გადაუდებელი დახმარებისთვის შემოდგომაზე მზად იყოს.
BioNTech-ის განცხადებით, პოტენციური ვაქცინის დოზა გამოცდის 12 მონაწილეს გერმანიაში 23 აპრილს მისცეს. კომპანიის ინფორმაციით, პოტენციური ვაქცინის დოზის მისაღებად 200-მდე მოხალისეა შერჩეული, რომელთა ასაკი 18-დან 55 წლამდეა.
Pfizer-ის და BioNtech-ის განცხადებით, შეერთებულ შტატებში ვაქცინის გამოცდა მას შემდეგ დაიწყება, რაც რეგულატორი ამის ნებართვას გასცემს. ეს სავარაუდოდ შემდეგ კვირაში მოხდება.
გერმანიის ვაქცინისა და ბიოსამედიცინო მედიკამენტების ფედერალურმა ინსტიტუტმა პოტენციური ვაქცინის გამოცდა 22 აპრილს გახადა ნებადართული.
ორივე კომპანია აღნიშნავს, რომ არსებობს პოტენციალი 2020 წლის ბოლოსთვის ვაქცინის მილიონობით დოზა იყოს მზად, მომავალი წლის დასაწყისში კი ასობით მილიონი.