აპრილის ბოლო კვირა და მაისის პირველი ორი კვირა იქნება საფრთხილო, როდესაც შემთხვევების მატება გვექნება. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ "ტვ პირველის" ეთერში, გადაცემა "რეაქციაში" განაცხადა.
მისი თქმით, ახლა გარკვეულწილად პიკში ვართ, მეექვსე-მეშვიდე-მერვე კვირაში ყველა ქვეყანაში პიკური პერიოდია.
"პიკში შესვლის პერიოდს შიდა გავრცელების დაწყებიდან ვანგარიშობთ. ჩვენთან კოვიდ ინფექციის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა, შიდა გავრცელება კი, როცა ვერ გავედით პირველწყაროზე, დავაფიქსირეთ 22 მარტს. სხვა ქვეყნების გამოცდილებით შემიძლია ვთქვა, რომ პიკური პერიოდი დგება მეექვსე-მეშვიდე-მერვე კვირის ფარგლებში. ახლა ვართ შიდა გავრცელების დაწყებიდან მეექვსე კვირაში, ამიტომ ვამბობდით, რომ აპრილის ბოლო კვირა და მაისის პირველი ორი კვირა იქნება საფრთხილო, როდესაც შემთხვევების მატება გვექნება. ამ 3 თვის განავლობაში გარკვეულად შევაკავეთ ინფექცია, გვქონდა რამდენჯერმე ნახტომი, მაგრამ არ გვქონია დიდი. მთავარი მიზანია, რომ ეს კვირები გავიაროთ, დაახლოებით ამ ტიპის ზრდით, ანუ არ გვქონდეს ჩვენს მრუდზე დიდი ციცაბო. ვთქვათ ვართ პიკში, მე-6, მე-7, მე-8 კვირა ყველა ქვეყნისთვის პიკია, მაგრამ პიკი ჩვენთვის სასურველია იყოს ასეთი დუნე მატება და არა ციცაბო მატება. ეს კვირები არის საფრთხილო და არის პიკური პერიოდი", - განაცხადა გამყრელიძემ.