პორტუგალიაში დაიწყო 19-წლამდელ ფეხბურთელთა ევროპის 2011 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფური ეტაპი. ქართველი ფეხბურთელები მე-3 ჯგუფის პირველ შეხვედრაში ბერძენ თანატოლებს დაუპირისპირდნენ და 89-ე წუთზე თორნიკე ოქრიაშვილის გატანილი გოლით 1:0 მოიგეს.
ვლადიმერ გუცაევის შეგირდებმა, მატჩის ბოლო წუთებზე, ბერძენთა კართან შტურმი მოაწყვეს, რამაც შედეგი 89-ე წუთზე გამოიღო. პირველი სერიოზული ხიფათი ნიკა კვეკვესკირის მიერ ჯარიმიდან დარტყმას მოჰყვა. მოწინააღმდეგე გუნდის მეკარემ ბურთი კუთხურზე მოიგერია. ქართველების კუთხურს კი, ბერძენთა კარში გატანილი გოლი მოჰყვა. გადამწყვეტი გოლი თორნიკე ოქრიაშვილმა გაიტანა.
მოულოდნელად წარიმართა ჯგუფის მეორე შეხვედრა, რომელშიც მასპინძლები-პორტუგალიელები, აზერბაიჯანს დაუპირისპირდნენ. 48-ე წუთისთვის, აზერბაიჯანელები უკვე 2:0-ს იგებდნენ, თუმცა უპირატესობის ბოლომდე შენარჩუნება მაინც ვერ შეძლეს. პორტუგალიელებმა ჯერ 78-ზე შეძლეს გოლის გატანა, მერე კი 87-ზე - 2:2.
მორიგი ტურის მატჩები 13 ოქტომბერს ჩატარდება. ორივე ერთდროულად, თბილისის დროით 19:00 დაიწყება. ქართველი 19-წლამდელები ამჯერად პორტუგალიას შეხვდებიან, ხოლო ბერძნები აზერბაიჯანს.
სატურნირო მდგომარეობა:
თ მ ფ წ ბ ქ
1. საქართველო 1 1 0 0 1-0 3
2. აზერბაიჯანი 1 0 1 0 2-2 1
3. პორტუგალია 1 0 1 0 2-2 1
4. საბერძნეთი 1 0 0 1 0-1 0