ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრის, ჯესინდა არდერნის განცხადებით, ქვეყანამ კორონავირუსთან ბრძოლა მოიგო. ინფორმაციას ბრიტანული Guardian-ი ავრცელებს.
ჯესინდა არდერნის თქმით, ახალ ზელანდიაში შეჩერებულია კორონავირუსის საზოგადოებაში უკონტროლო გავრცელება, რაც ვირუსის აღმოფხვრას უწყობს ხელს.
პრემიერ-მინისტრის ოპტიმიზმს ნაწილობრივ იზიარებს ახალი ზელანდიის ჯანდაცვის მინისტრი. მისი თქმის, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების არ ფიქსირდება, თუმცა მათი გავრცელების რისკი დაბალია, რადგან ინფიცირების წყარო ცნობილია.
სამშაბათიდან ახალ ზელანდიაში დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება იწყება. ბიზნესის, ჯანდაცვისა და საგანმანათლებლო სფეროს ნაწილი საქმიანობის განახლებას შეძლებენ, თუმცა ძალაში რჩება მოქალაქეთა უმრავლესობისთვის სახლში დარჩენის მოთხოვნა.
"ჩვენ ვხსნით ეკონომიკას, მაგრამ ჯერჯერობით ვერ გავხსნით ადამიანების სოციალურ ცხოვრებას", - თქვა არდერნმა.
ბოლო მონაცემებით, 24 საათში, ახალ ზელანდიაში კორონავირუსით ინფიცირების მხოლოდ 1 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაცვალების შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
ახალ ზელანდიაში კორონავირუსით ინფიცირების 1 469 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის გარდაცვლილია 19 და გამოჯანმრთელებულია 1 180.