ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, ჯერჯერობით, არ არსებობს მტკიცებულება, რომ კორონავირუსისგან განკურნებული პაციენტები ხელმეორედ არ დაინფიცირდებიან. იუწყება BBC-ი.
როგორც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებაშია ნათქვამი, ზოგიერთი ქვეყანა გამოვიდა ინიციატივით, კორონავირუსისგან განკურნებულ პაციენტებს გადაეცეთ ე.წ. იმუნიტეტის დამადასტურებელი სერტიფიკატები, რათა თავისუფლად შეძლონ გადაადგილება.
იმის გათვალისწინებით, რომ პანდემიის ამ ეტაპზე არ არსებობს მტკიცებულება, რომ Covid-19-სგან განკურნებულ პაციენტებს, ვირუსი განმეორებით არ შეეყრებათ, ორგანიზაცია წინააღმდეგია, იმუნიტეტის დამადასტურებელი სერტიფიკატების გაცემისა.
"არსებობს საფრთხე, რომ ადამიანები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ დაავადების მიმართ იმუნიტეტი აქვთ, რადგან ტესტით მათ ანტისხეულები გამოუვლინდათ, დაარღვევენ კარანტინს და ხელს შეუწყობენ დაავადების გავრცელებას", - ნათქვამია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებაში.