ყველა ის ნაბიჯი, რომელსაც მთავრობა დგამს, პირველ რიგში გამოწვეულია ჯანმრთელობის, სიცოცხლის დაცვისა და შემდეგ ეკონომიკის გადარჩენის მოტივაციით,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ანტიკრიზისული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე განაცხადა, სადაც ანტიკრიზისულ ეკონომიკურ გეგმას წარადგენს.
მთავრობის მეთაურმა ხელისუფლების მიერ კორონავირუსთან ბრძოლის პროცესში გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კრიზისის მენეჯმენტის პროცესს აქვს გარკვეული თავისებურებებიც, რაც აუცილებლად გასათვალისწინებელია.
გიორგი გახარიამ მადლობა გადაუხადა ვირუსთან ბრძოლის წინა ხაზზე მყოფ პირებს და ყველა მოქალაქეს, რომელიც სახლში რჩება და იცავს საგანგებო მდგომარეობით დაწესებულ შეზღუდვებს.
„მესამე თვეა, საქართველო უმკლავდება გლობალურ ეპიდემიას, რომელმაც ფაქტობრივად ერთ დღეში შეცვალა ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების სახე. ამ გლობალურ მოწვევასთან გამკლავების ნაწილში საქართველოს სახელისუფლებო გუნდი ეყრდნობა პირველ რიგში პროფესიონალების რჩევებს და ასევე მწყობრ, თანმიმდევრულ ნაბიჯებს. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და წარმატების ერთ-ერთი საფუძველი. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ სირთულეების და დისკომფორტის მიუხედავად, რომელსაც ყოველდღიურად ხვდება ჩვენი თითოეული მოქალაქე, სხვა გზით შეუძლებელია გავუმკლავდეთ ამ გამოწვევას, ამ ბრძოლას, რადგან დღეს არ არსებობს მეცნიერულად დასაბუთებული რეცეპტი კორონავირუსთან ბრძოლისა, გარდა სოციალური დისტანციის დაცვის, პირბადეების ტარების, მობილობის შემცირების და ა.შ ამიტომ იძულებული გავხდით, მიგვეღო ბევრი საკმაოდ არაკომფორტული ნაბიჯი, რაც ცვლის ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებას. სწორედ ამიტომ, მინდა მადლობა გადავუხადო იმ ადამიანებს, რომლებიც წინა ხაზზე არიან და იბრძვიან ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ, ხაზგასმით მადლობას ვუხდი იმ ადამიანებს, რომლებიც რჩებიან სახლში და იცავენ იმ პირობებს, რომლებიც აუცილებელია, რომ გავუმკლავდეთ ამ ვირუსს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.