27 აპრილიდან გერმანიაში სახის დამცავი ნიღბების გამოყენება საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და მაღაზიებში სავალდებულო გახდება.
გადაწყვეტილება მთელს ქვეყანაში, 16-ვე ფედერალურ მიწაზე გავრცელდება.
ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერი, ანგელა მერკელი აქტიურად საუბრობდა დამცავი ნიღბების გამოყენების აუცილებლობაზე.
გასულ კვირას, გერმანიის ფედერალური მიწის, საქსონიის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ნიღბის სავალდებულოდ გამოყენების შესახებ.
საქსონიის შემდეგ, ეტაპობრივად ყველა ფედერალური მიწის ხელისუფლებამ მიიღო ანალოგიური გადაწყვეტილება.
ფედერალური მიწის, ჰანზის დედაქალაქი, ბრემენი იქნება ბოლო, სადაც ამ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერენ. სენატი პარასკევს მიიღებს შესაბამის ბრძანებულებას.
ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირების 150 648 შემთხვევაა აღრიცხული. გარდაიცვალა 5315 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 103 300 პაციენტი.