გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის სპეციალისტების მიერ „საქართველოში 2019 წელს სტიქიური გეოლოგიური პროცესების განვითარების შედეგები და პროგნოზი 2020 წლისთვის“ საინფორმაციო ბიულეტენი მომზადდა, რომელშიც ასახულია გეოლოგიური მონიტორინგის და სტიქიის ექსტრემალური გააქტიურების პერიოდში ჩატარებული კვლევების შედეგად დამუშავებული გეოლოგიური საფრთხეების (მეწყერი, ღვარცოფი, კლდეზვავი, ქვათაცვენა და სხვა) შესახებ ინფორმაცია.
აღნიშნული ბიულეტენი მოიცავს ინფორმაციას ქვეყნის ტერიტორიაზე იდენტიფიცირებული გეოლოგიური პროცესებით დაზიანებული უბნების შესახებ, სადაც დამცავი ღონისძიებების გასატარებლად გაცემულია რეკომენდაციები. ბიულეტენს, ასევე, ახლავს გეოლოგიური საფრთხეების სპეციალიზირებული რუკები საქართველოს ცალკეული მხარეებისა და მუნიციპალიტეტების მიხედვით.
სააგენტოს სპეციალისტების მიერ მომზადებული საინფორმაციო გეოლოგიური ბიულეტენი გადაეგზავნა შესაბამის სახელმწიფო უწყებებსა და ორგანიზაციებს, ასევე სამხარეო ადმინისტრაციებს და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს.
აღნიშნული ინფორმაცია მნიშვნელოვანია ქვეყანაში არსებული სტიქიური გეოლოგიური პრობლემების მართვის კუთხით, რათა განვითარებული სტიქიის დროს შესაბამისმა უწყებებმა შეძლონ სწრაფი და კოორდინირებული მუშაობა, მყისიერად ჩაერთონ სტიქიის შედეგად გამოწვეულ სალიკვიდაციო სამუშაოებში და მოხდეს მოსახლეობის დროული ინფორმირება მოსალოდნელი სტიქიური გეოლოგიური პროცესების შესახებ. სააგენტოს სპეციალისტების მიერ მომზადებული გეოლოგიური ბიულეტენი ყველა შესაბამის უწყებას უკვე მიეწოდა.
დაინტერესებულ პირებს საინფორმაციო ბიულეტენის გაცნობა შეუძლია გარემოს ეროვნული სააგენტოს ფონდებში.