"დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ ვენეციის კომისიის მიერ გამოქვეყნებული, საქართელოს კონსტიტუციის ახალ პროექტთან დაკავშირებული მოსაზრებები, "სახელისუფლებო არხებმა" არასწორი ინტერპრეტაციით გააშუქეს. ბურჯანაძის თქმით, ქართული ტელევიზიების ნაწილმა საზოგადოებას, მხოლოდ ის პუნქტები გააცნო, რაც ხელისუფლებისთვის იყო ხელსაყრელი. ამის შესახებ ბურჯანაძემ პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
ბურჯანაძემ ვენეციის კომისიის მიერ 8 ოქტომბერს გამოქვეყნებული მეორე წინასწარი მოსაზრებები განიხილა და აღნიშნა, რომ კომისიამ ძალაში დატოვა ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც პირველ წინასწარ მოსაზრებაში იყო დაფიქსირებული და რომლის შესრულებაც საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას ხელს არ აძლევს: კერძოდ დისბალანსი სახელმწიფო შტოებს შორის ძალაუფლების გადანაწილების საკითხში, პარლამენტის მიერ უნდობლობის გამოცხადების პროცედურის სისუსტე, რაც, ბურჯანაძის თქმით, მნიშვნელოვანად აკნინებს პარლამენტის ფუნქციას.
"საქართველოს ხელისუფლება ითვალისწინებს მხოლოდ იმ რეკომენდაციებს, რომლებიც მის წისქვილზე ასხამენ წყალს", - განმარტა ბურჯანაძემ და დასძინა, რომ პარლამენტმა ვენეციის კომისიის საბოლოო რეკომენდაციების გამოქვეყნებამდე, მეორე მოსმენით, უკვე მიიღო კონსტიტუციის ახალი პროექტი, მესამე მოსმენის დორს კი, პროექტში ცვლილებები პრაქტიკულად აღარ განხორციელდება. ბურჯანაძის თქმით, ეს ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლებამ ვენეციის კომისიის რჩევების იგნორირებით უკვე დაამტკიცა ახალი კონსტიტუციის პროექტი.
"საქართველო ცხოვრობს მოდერნიზებული საბჭოთა კავშირის რეჟიმის პირობებში, სადაც ფასადური დემოკრატიაა. რეალურად კი ხელისუფლება მოქალაქეებს ზუსტ ინფორმაციას უმალავს", - განაცხადა ბურჯანაძემ.
მან საზოგადოებას მოუწოდა, არ დაუშვან სააკაშვილის ავტორიტარული რეჟიმის განუსაზღვრელი ვადით გახანგრძლივება. პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ყველას მოუწოდებს, შეურთდეს წარმომადგენლობით სახალხო კრებას, რადგან, მისი აზრით, სახალხო კრებას აქვს ხედვა, თუ როგორ უნდა მოხდეს ქვეყანაში დემოკრატიის განვითარება.
"თითოეულმა ჩვენგანმა ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ ქვეყანაში დემოკრატიული კანონები ბატონობდეს და ხორციელდებოდეს. დავდგეთ ყველა სახალხო კრების გვერდით, რომელსაც აქვს ხედვა, საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და ჩვენი შვილების ნათელი მომავლისა", - აღნიშნა ბურჯაბაძემ