"თბილისი Altervision/newcomers ფესტივალი, რომელიც თბილისის მერიისა და ALtervision Group-ის მიერ ერთობლივად ხორციელდება, 12-14 ოქტომბერს საჩვენებელ ჩვენებას გამართავს.
საჩვენებელ ჩვენებაში უცხოურ საფესტივალო პრაქტიკაზე დაყრდნობით, ფესტივალის ორგანიზატორების და პარტნიორების მიერ, 114 ახალბედა ბენდიდან შერჩეული 26 ბენდი მიიღებს მონაწილეობას.
საჩვენებელი ჩვენების შედეგად გამოვლენილი ბენდები 30 ოქტომბერს სპორტის სასახლეში გრანდიოზულ კონცერტზე გამოვლენ, რომლის საგანგებო სტუმარი ევროპაში ცნობილი შემსრულებელი, ტომ ნოვი იქნება.
ცნობისათვის, "თბილისი Altervision/newscomer"-ი წელს მეორედ ტარდება. შარშან მასში მონაწილეობა 60-ზე მეტმა ახალბედა ბენდმა მიიღო, ორგანიზატორების მიერ შერჩეული 12 ბენდი კი 2009 წლის 23 ოქტომბერს გამართულ მასშტაბურ კონცერტის ფარგლებში, სპორტის სასახლის სცენაზე გამოვიდა.
როგორც ფესტივალის ორგანიზატორები აღნიშნავენ, განსაკუთრებით მნიშვნელოვნია ის ფაქტი, რომ პროექტი არ არის მოკლევადიანი. შარშანდელ 12 ახალბედა ბენდს, რომლებიც სპორტის სასახლის სცენაზე გამოვიდნენ, საკმაოდ დატვირთული წელი ჰქონდათ, ისინი სცენაზე იდგნენ ისეთ მსოფლიო ვარსკვლავებთან როგორებიც არიან MC Solaar, Youssou N'Dour , Grace, Maia.K , Jane Birkin .
ოთხი საუკეთესო ბენდითვის _ "პორნო პოეზია" " Cathrin and Me" " "Forest" და "Me and My Monkey" _ ჩაიწერება საერთაშორისო მუსიკალური სტანდარტებით შესრულებული, მათი საუკეთესო კომპოზიციებისაგან შემდგარი კრებული, რომლებიც დაეგზავნება პროდიუსერებს სხვადასხვა ქვეყანაში და დაინტერესების შემთხვევაში, ბენდებს შესაძლებლობა ექნებათ თავიანთი საერთაშორისო კარიერის განვითარებაზე იზრუნონ.
"თბილისი Altervisin/newcomer მეშვეობით გვინდა, შეიქმნას საერთაშორისო მუსიკალურ სტანდარებზე ორიენტირებული ქართული ბენდები, რომელთა მუსიკა საინტერესო იქნება სხვადასხვა ქვეყნის მსმენელისთვის‘', - აცხადებს გენერალური პროდიუსერი ირაკლი ნადარეიშვილი.
ჩვენება სასტუმრო "Holliday Inn"-ის შენობაში გაიმართება. ღონისძიების პარტნიორია სასტუმრო "Holliday Inn", საინფორმაციო მხარდამჭერები _ რადიო ფორტუნა და ჟურნალი ტაბულა.