მოსკოვის პოლიცია იძიებს ქალის გარდაცვალების საქმეს, რომელსაც საავადმყოფოდან სახლში აბრუნებდნენ და სადარბაზოსთან სკამზე დატოვეს. ქალი იმავე სკამზე გარდაიცვალა. ინფორმაციას Moscow Times-ი ავრცელებს.
რუსული ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ 48 წლის ქალის შეყვანას სახლში სოციალური მუშაკები და მეზობლები ცდილობდნენ, თუმცა ვერ მოახერხეს, რადგან ის ტკივილისგან იტანჯებოდა და სკამზე ჩამოჯდომა განიზრახა.
"ქალი თავს შეუძლოდ გრძნობდა სადარბაზოსთან ახლოს, სოციალურმა მუშაკებმა დაუყოვნებლივ გამოიძახეს სასწრაფო დახმარება. სასწრაფო დახმარება 11 წუთში მოვიდა, თუმცა სამწუხაროდ, ის გარდაცვლილი იყო", - ნათქვამია მოსკოვის მერიის ჯანმრთელობის განყოფილების განცხადებაში.
შემთხვევა შაბათს მოხდა, ერთი დღის შემდეგ, რაც საავადმყოფოში პნევმონიის საეჭვო სიმპტომებით შეიყვანეს. როგორც ირკვევა მას კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარდა, რომელმაც ნეგატიური შედეგი დააფიქსირა. შემდეგ კი ის კლინიკიდან გაწერეს.
მოსკოვის ჯანდაცვის განყოფილების ინფორმაციით, ცხედრის გაკვეთის შედეგად დაფიქსირდა, რომ ქალი გარდაიცვალა გულის მწვავე უკმარისობისგან. ისინი ირწმუნებიან, რომ გარდაცვლილს პნევმონიის ან რაიმე ინფექციური დაავადების კვალი არ აღენიშნებოდა.