ბათუმის ერთ-ერთ საკარანტინო სივრცეში საკვებით 50-მდე ადამიანი მოიწამლა. ინფორმაციას ამის შესახებ აჭარის ა/რ ჯანდაცვის მინისტი ნინო ნიჟარაძე ადასტურებს.
მისი თქმით, საკვებით მოწამვლის გამო, საკარანტინო სივრციდან საავადმყოფოში ორი პირი გადაიყვანეს.
"50-მდე პირის საკვებისმიერი მოწამვლის შემთხვევა დაფიქსირდა. ეს იყო ორი დღის წინ. ორი მათგანი იყო საყურადღებო, რომლებიც კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა, დახმარების აღმოჩენის შემდეგ, კვლავ კარანტინში დაბრუნდნენ. სხვა შემთხვევები იყო მსუბუქი. შემთხვევას სურსათის ეროვნული სააგენტო იკვლევს. ამის შემდეგ გახდება ცნობილი, რამ გამოიწვია ინტოქსიკაცია", - თქვა ნინო ნიჟარაძემ.
როგორც ნინო ნიჟარაძემ განაცხადა, საკვებით მოწამლული ყველა პირი საკარანტინო პერიოდს ასრულებდა. მათმა ნაწილმა დღეს დატოვა საკარანტინო სივრცე, ნაწილი კი ხვალ დატოვებს.
გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ კარანტინში მყოფთ კორონავირუსი არ დაუდასტურდათ.