საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების საკითხზე პარლამენტი 22 აპრილს იმსჯელებს. ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, COVID-19-ის შიდა გავრცელების საფრთხე უკვე რეალობაა და ბოლო სტატისტიკური მონაცემებით ვირუსით დაავადებულთა რიცხვი მზარდია. შესაბამისად, ლოგიკურია და აუცილებელია გაგრძელდეს საგანგებო მდგომარეობა.
"პრეზიდენტი და პრემიერმინისტრი, ერთად გამოაცხადებენ საგანგებო მდგომარეობას და პარლამენტი, სავარაუდოდ, 22 აპრილს, ოთხშაბათს დაამტკიცებს ამ გადაწყვეტილებას. საგანგებო მდგომაროების გაგრძელებას, რა თქმა უნდა, ექნება სრული მხარდაჭერა უმრავლესობის მხრიდან, რამდენადაც ჩვენ ვხედავთ ამ ძალიან სერიოზულ გამოწვევას და ვიღებთ პასუხისმგებლობას.
რაც შეეხება პროცედურებს, არავის უნდა ეგონოს, რომ აქამდე მოქმედი საგანგებო მდგომარეობა წყვეტას განიცდის - არა, როგორც კი პრეზიდენტი და პრემიერი ხელს მოაწერენ ამ ბრძანებას, ის დაუყოვნებლივ ძალაში შედის და შეიძლება ითქვას, რომ პირდაპირ გრძელდება საგანგებო მდგომაროება. ამიტომ, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ არავის ეგონოს, რომ საგანგებო მდგომარეობაში რაიმე წყვეტაა და მათ გარკვეული უფლებები აღუდგებათ", - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.