სუპერმარკეტების ქსელის, "სმარტის" რუსთაველის ფილიალის დაცვის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ ინფორმაცია სუპერმარკეტის ფეისბუკგვერდზე გამოქვეყნდა.
"სუპერმარკეტი "სმარტი" COVID-19 -თან დაკავშირებული რისკების პრევენციის მიზნით ჯანდაცვის ორგანიზაციების მიერ რეკომენდებული ყველა ზომების გათვალისწინებით ცდილობს დაიცვას როგორც საკუთარი თანამშრომლები, ასევე მომხმარებლები. ამასთან, რუსთაველის "სმარტის" დაცვის თანამშრომელს დაუდგინდა ვირუსი და "სმარტმა", როგორც სოციალურად პასუხისმგებლიანმა კომპანიამ მყისიერად გაატარა ყველა ის ღონისძიება და რეკომენდაცია, რომელიც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მხრიდან იქნა მიღებული.
რუსთაველის "სმარტის" ყველა ის თანამშრომელი, რომელიც შემხებლობაში იყო ვირუსის მატარებელთან გადაყვანილ იქნენ იზოლაციაში; დაუყოვნებლივ დაიკეტა ობიექტი; მოხდა მისი სრული დეზინფექცია (მიუხედავად იმისა, რომ სუპერმარკეტში ისედაც რეგულარულად მიმდინარეობდა სადეზინფექციო სამუშაოები) და მხოლოდ აღნიშნული ზომების გატარების შემდგომ დაუბრუნდა სუპერმარკეტი სამუშაო რეჟიმს.
ჩვენ თვალყურს ვადევნებთ ჩვენი თანამშრომლის ჯანმრთელობის მდგომარეობას და ვუსურვებთ მას მალე გამოჯანმრთელებას. აქვე კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდით ყველა ჩვენს თანამშრომელს, რომლებიც დაავადების გავრცელების მაღალი რისკის მიუხედავად ყოველდღიურად ემსახურებიან ჩვენს ერთგულ მომხმარებლებს და აწვდნიან მათ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სერვისებს.
თანამშრომელთა და მომხმარებელთა ჯანმრთელობის უსაფრთხოების დამატებითი ზომების მისაღებად, 22 აპრილიდან სმარტის ყველა ობიექტზე მისულ მომხმარებლებს მხოლოდ თერმო სკრინინგის გავლის შემდეგ მივიღებთ. თავად სმარტის თანამშრომლების თერმო სკრინინგი აქამდეც სისტემატიურად ხორციელდებოდა", - ნათქვამია განცხადებაში.