ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლეინმა ბოდიში მოუხადა იტალიას იმის გამო, რომ ევროკავშირმა დროული მხარდაჭერა ვერ აღმოუჩინა, როდესაც ქვეყანა კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისის საწყის ეტაპზე იმყოფებოდა.
ამის შესახებ ურსულა ფონ დერ ლაიენმა დღეს, ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"დიახ, მართალია, რომ არავინ იყო ამისთვის მზად. მართალია, ბევრი იტალიას გვერდით არ ედგა მაშინ, როდესაც მას დახმარება სჭირდებოდა. დიახ, ევროკავშირი ამისთვის გულწრფელ ბოდიშს იხდის. მაგრამ ბოდიშის მოხდას მხოლოდ მაშინ აქვს აზრი, თუ ის იწვევს ქცევის შეცვლას. დიდი დრო დაგვჭირდა იმისთვის, რომ გაგვეგო, რომ ერთმანეთი უნდა დავიცვათ", - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებას გამოეხმაურა იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი ლუიჯი დი მაიო.
"ურსულა ფონ დერ ლეინმა დღეს ბოდიში მოუხადა იტალიას და აღიარა, რომ პანდემიის დასაწყისში მრავალი ქვეყანა არ იყო ჩვენს გვერდი, როდესაც ჩვენ დახმარება გვჭირდებოდა. მისი სიტყვები წარმოადგენს მნიშვნელოვან აქტს და სიმართლეს, რაც კარგია ევროპისა და ჩვენი საზოგადოებისთვის.
ახლა ევროკავშირს აქვს გამბედაობა დაიცვას ევროკავშირის მოსახლეობა. იტალიის დაცვით, ჩვენ ასევე ვიცავთ ევროკავშირის მთლიანობას", - თქვა დი მაიომ.