იტალიურმა გამოცემა La Repubblica-მ გამოაქვეყნა სტატია, სადაც ნათქვამია, რომ იტალიაში მცხოვრები რუსები თავის ნაცნობ იტალიელებს სთავაზობენ, მონაწილეობა მიიღონ რუსული მედიასაშუალებისთვის ვიდეომასალის გადაღებაში, სადაც რუსეთსა და პუტინს ჰუმანიტარული დახმარებისთვის მადლობას გადაუხდიან, ამის სანაცვლოდ კი ისინი 200 ევროს მიიღებენ. მსგავს შეთავაზებებს იტალიის მაცხოვრებლები სოციალურ ქსელ Whatsapp-ში იღებენ.
"მათ 15 იტალიელი სჭირდებათ, რომელიც იტყვის კარგ სიტყვებს რუსული ჰუმანიტარული დახმარების შესახებ. ჯობს, ეს იყოს ვიდეო ან პოსტი ფოტოებით, მაგრამ ვიდეოსთვის გადაგიხდიან 200 ევროს, პოსტისთვის კი - ნაკლებს", - იტალიური გამოცემა ციტირებს იმ შეტყობინებას, რომელიც ერთ-ერთმა იტალიელმა მიიღო.
მადლიერების გამომხატველი ვიდეოს განთავსებას ითხოვენ Twitter-ში, Facebook-ში ან Instagram-ში.
ასევე, ჟურნალისტებმა გოგონა იპოვეს, რომელმაც TikTok-ში უკვე გამოაქვეყნა მცირე ვიდეო, სადაც რუსული ჰუმანიტარული დახმარებისთვის მადლობას იხდის. მან La Repubblica-ს უამბო, რომ ამ ვიდეოს გადაღება მეგობარმა სთხოვა, რომელსაც მასში 20 ევრო გადაუხადეს.
თუმცა, იტალიაში მოქმედმა რუსეთის ფედერაციის საელჩომ უარყო ეს გავრცელებული და სკანდალური ინფორმაცია - "რუსეთს არ სჭირდება ასეთი ფორმის აღიარება. ყოველდღე ასობით ზარს, წერილსა და კომენტარებს ვიღებთ, რომელიც დიდ მადლიერებას გამოხატავს უბრალო მოქალაქეებისგან, ქალაქების ხელმძღვანლებისგან, ბიზნესმენებისა და პოლიტიკოსებისგან", - აცხადებენ საელჩოში. ასეთ შეთავაზებებს საელჩოში "თაღლითობას" უწოდებენ.
მას მერე, რაც მარტში კრემლმა იტალიაში ჰუმანიტარული დახმარება, სამხედრო მედიკოსები და აღჭურვილობა გაგზავნა, რუსეთის მედიამ და სოციალური ქსელის სპეციალისტებმა პროპაგანდისთვის ამ ოპერაციის გამოყენება აქტიურად დაიწყეს.
სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანდა, რომ მამაკაცი ევროკავშირის დროშას რუსეთის დროშაზე ცვლიდა, ასევე, მას ეკავა ხელში ფურცელი წარწერით: "მადლობა რუსეთს! მადლობა პუტინს!". ამ ვიდეომ ათიათასობით ნახვა მოაგროვა.
რუსულმა მედიამ სცადა, ეს და მსგავსი სხვა ისტორიები მთელი იტალიის მადლიერებად მოენათლა და მძლავრი პროპაგანდისტული ნაკადი შექმნა.
ამ კონკრეტულ შემთხვევაში, "ბი-ბი-სი"-მ მალევე დაადგინა, რომ ეს იყო იტალიელი ფედერიკო კანე, ქალაქ ომენიას მაცხოვრებელი. კანე პატარა ქარხნის ფლობს და, როგორც მან "ბი-ბი-სი"-ს უამბო, ევროკავშირის დროშა რუსულზე სწორედ თავისი ქარხნის ტერიტორიაზე შეცვალა. გაირკვა, რომ მას რუსი პარტნიორები ჰყავს. მისი ნაწარმი მოსკოვსა და რუსეთის სხვა რეგიონებში იყიდება.
როგორც "ბი-ბი-სი"-მ გაარკვია, მისი პარტნიორი რუსული კომპანია მოსკოვის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში ხშირად იმარჯვებს. კანე არ მალავს, რომ დიდი ხანია, ვლადიმერ პუტინის დიდი თაყვანისმცემელია და ნეგატიური განწყობა აქვს ევროკავშირის მიმართ.
ცალკე მოხსენიების "ღირსია" რუსეთის ფედერაციის სენატორის, ალექსეი პუშკოვის მიერ ჩატარებული დეზინფორმაციული ოპერაცია.
23 მარტს მან თავის "ტვიტერში" გამოაქვეყნა შემდეგი შეტყობინება: "პოლონეთმა თავის საჰაერო სივრცეში არ გაატარა რუსეთის თვითმფრინავები, რომლებიც იტალიის დასახმარებლად მიფრინავდნენ. ეს სახელმწიფოს დონეზე უღირსობის მაგალითია", - დაწერა რუსმა სენატორმა. ბუნებრივია, მისი განცხადება რუსულმა მედიამ და კრემლის ბლოგერებმა ორკესტრირებულად აიტაცეს. მისი "ტვიტის" საფუძველზე ერთ-ერთი მასალა იწყებოდა ამ სიტყვებით: "და ვინ არიან ისინი ამის მერე?" და მალევე 120 ათასზე მეტი ნახვა მოაგროვა. იმ მომენტისთვის, როცა პოლონეთის ხელისუფლებამ უარყო აღნიშნული ქმედება, პოლონეთის "უღირსობის" შესახებ ინფორმაცია უკვე ყველგან იყო. ამის მერე კი ალექსეი პუშკოვმა თავისი "ტვიტი" უბრალოდ წაშალა, თითქოს და არც არაფერი დაუწერია.
ამავე დროს, ევროპულ და, მათ შორის, იტალიურ მედიაში გაჩნდა მოსაზრება, რომ კრემლმა იტალიაში სამხედრო ექიმები, სინამდვილეში, დიდწილად, პიარისა და სადაზვერვო მისიით გაგზავნა, რათა ნატო-ს ობიექტების შესახებ საჭირო ინფორმაცია მოეგროვებინათ. ასეთი მოსაზრება გაჟღერდა, მათ შორის, იტალიურ გაზეთ La Stampa-შიც, სადაც ითქვა, რომ რუსული დახმარების 80 % სრულიად გამოუსადეგარია. ამას გარდა, როგორც იტალიური მედია იუწყება, იტალიელებს ძალიან გაუკვირდათ, როდესაც რუს ვირუსოლოგებსა და სამხედრო ექიმებს ჩამოყვნენ ჟურნალსიტები, ტელეოპერატორები, ხმის რეჟისორები, გამნათებლები და გრიმიორებიც კი.