უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ეროვნულ ანტიკორუფციულ ბიუროსა და სპეციალურ ანტიკორუფციულ პროკურატურას დამოუკიდებლობას უბრუნებს.
„მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა დეპუტატს ჩემი კანონპროექტის, ახლა უკვე, კანონის მიღების გამო. ეს არის გარანტია ანტიკორუფციული ორგანოების, ჩვენი ქვეყნის ყველა სამართალდამცავი ორგანოს ნორმალური, დამოუკიდებელი მუშაობისთვის“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
კანონი უმაღლესმა რადამ რამდენიმე დღის წინ 331-ხმით დაამტკიცა.
შეგახსენებთ, 22 ივლისს, ქვეყნის მასშტაბით ქალაქებში გამართული საპროტესტო აქციების მიუხედავად, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომელიც უკრაინის ოპოზიციის დეპუტატებისა და დამკვირვებლების თანახმად, დამოუკიდებლობას უზღუდავს ორ უმთავრეს ანტიკორუფციულ ინსტიტუტს. უკრაინის მიერ მიღებულ კანონს ევროკავშირიც გამოეხმაურა, კერძოდ, ევროკომისიის წარმომადგენლის, გიიომ მერსიეს ცნობით, ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის დაუკავშირდა და ახალი ანტიკორუფციული კანონმდებლობის ახსნა-განმარტება სთხოვა. 24 ივლისს ზელენსკიმ უკრაინის უმაღლეს რადაში ახალი კანონპროექტი წარადგინა, რომელიც უკრაინის ანტიკორუფციული ინსტიტუტების დამოუკიდებლობის აღდგენას ისახავს მიზნად.