გადავწყვიტეთ, რომ მრევლი ტაძარში მივიდეს კომენდანტის საათის დაწყებამდე და ტაძარი დატოვოს დილის ექვს საათზე. განაცხადა საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.
დეკანოზის განცხადებით, უცილებელია მრევლმა გაითვალისწინოს ის რეკომენდაციები, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ კორონავირუსთან დაკავშირებით გაავრცელა.
"აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ის სხვა შეზღუდვები, რომელიც ჯანდაცვის სფეროდან გვაქვს. ეს შეეხება ასაკობრივ ჯგუფს, შეეხება ეს ყველა იმ ადამიანს, რომელიც რისკ ჯგუფში შედის, იქნება ეს დაავადების მქონე, რაიმე სიმპტომების მქონე, ასევე, ბავშვებს, აი, ამ ადამიანებს ეკლესია აძლევს რეკომენდაციას, რომ როგორც მითითებულია ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციებში, ზედმიწევნით გაითვალისწინონ ეს. ამასთან, მათთვის, ვისაც სახლში ჰყავს ასეთი რისკ ჯგუფში შემავალი ადამიანი, ეს იქნება ქრონიკული დაავადების თუ დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე, თუ ხანდაზმული ადამიანი, მათ უნდა გაითვალისწინონ, რომ ეს დაავადება, რომლის შესახებაც ყველაფერი ცნობილი არ არის, წარმოადგენს საშიშროებას, შეიძლება მათთვის არა, მაგრამ მათი ახლობლებისთვის, რომლებიც სახლში არიან. ამიტომ, უნდა გამოვიჩინოთ ყველამ სამოქალაქო პასუხისმგებლობა, სხვებისთვისაც, ჩვენი ახლობლებისთვის, თანამოქალაქეებისთვის წინაშე და იმედი გვაქვს, რომ როგორც წინა რეკომენდაციებს ითვალისწინებდა მრევლი, ზუსტად ასევე იქნება ტაძრებში დაცული ეს დისტანცია", - თქვა ჯაღმაიძემ.
მანამდე მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა ბრიფინგი, სადაც პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, რომ საპატრიარქოსთან ერთად მიიღეს გადაწყვეტილება, სააღდგომოდ არ დაიხუროს ეკლესიები.
ირაკლი ჩიქოვანის თქმით, ყველა ეკლესიასთან მობილიზებული იქნება პოლიციის ეკიპაჟები, რომლებიც ადგილზე უზრუნველყოფენ კომენდანტის საათით გათვალისწინებული ნორმებისა და სოციალური დისტანციის განუხრელ დაცვას.
"დიდი ზომის ეკლესიებში დაცული უნდა იყოს მინიმუმ ორ მეტრიანი სოციალური დისტანცია, ხოლო მცირე ზომის ეკლესიაში იქნებიან მხოლოდ სასულიერო პირები და ეკლესიის მსახურები", - დასძინა ირაკლი ჩიქოვანმა.