დღეს, 21:00 საათიდან, თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში შესვლა და გამოსვლა 10 დღის განმავლობაში იკრძალება. აღნიშნულთან დაკავშირებით გამოიცა მთავრობის დადგენილება, რომელის შეზღუდვების დაწესებასთან ერთად გამონაკლისებსაც განსაზღვრავს.
"ამ მუნიციპალიტეტებში შესვლა შეუძლიათ იმ მოქალაქეებს, რომლებიც ამავე მუნიციპალიტეტებში არიან რეგისტრირებულები, თუმცა ამ 10 დღის განმავლობაში ისინი ამ მუნიციპალიტეტს ვერ დატოვებენ. ამ მუნიციპალიტეტების დატოვების საშუალება და უფლება ექნებათ მხოლოდ იმ პირებს და იმ მოქალაქეებს, რომლებიც არიან რეგისტრირებულნი სხვა მუნიციპალიტეტებში", - განაცხადა პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა.
დაწესებული შეზღუდვები არ ეხებათ:
1. სამედიცინო დაწესებულების თანამშრომლების გადაადგილებას მათი სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე.
2. საერთაშორისო და ადგილობრივ სატვირთო გადაზიდვებს.
3. საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე.
4. ბრალდებულებისა და მსჯავრდებულების გადაყვანას.
5. ფულადი სახსრების, ძვირფასი ლითონებისა და სხვა ფასეულობების ინკასაციას.
6. ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის და წყლის მიწოდების მიზნით გადაადგილებას.
7. ასევე სატელეკომუნიკაციო, საფოსტო და ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული მომსახურების მიწოდების მიზნით გადაადგილებას.
8. სამომსახურეო სარკინიგზო მიმოსვლის მიზნით გადაადგილებას, რომელიც დაკავშირებულია მხოლოდ ტექნიკურ გადაადგილებასთან.
9. ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელების მიზნით მედია საშუალებების წარმომადგენელთა გადაადგილებას.
10. სარიტუალო მომსახურების გაწევის მიზნით გადაადგილებას - მიცვალებულის გადასვენებას ან დაკრძალვას.
11. ჰუმანიტარული მიზნებისთვის საერთაშორისო ორგანიზაციების გადაადგილებას.
12. კერძო დაცვითი საქმიანობის განხორციელების მიზნით გადაადგილებას.
13. იმ საჯარო დაწესებულებების თანამშრომელთა გადაადგილებას, რომელთა საქმიანობაც კრიტიკულად აუცილებელია საგანგებო მდგომარეობის დროს.
14. ასევე, მთავრობის დადგენილებით დაშვებული ეკონომიკური საქმიანობების განმახორციელებელ იმ სუბიექტებს, რომლებიც არიან ოპერაციულ შტაბთან შეთანხმებულ სიაში და რომელთა გადაადგილებაც კრიტიკულად აუცილებელია საგანგებო მდგომარეობის დროს სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად.
ქალაქის შესასვლელებში სპეციალური გამშვები პუნქტები მოეწყობა.