ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ქვეყნის მასშტაბით საკონტროლო გამშვები პუნქტების მუშაობაში 1000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურეა ჩართული.
22 მარტიდან დღემდე საქართველოს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებმა ქვეყნის მასშტაბით სადეზინფექციო ხსნარით 487 930 ავტომანქანა დაამუშავეს, ხოლო თერმოსკრინინგი 962 955 ადამიანს ჩაუტარეს. ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით 75 საკონტროლო პუნქტია შექმნილი, რომლებსაც თავდაცვის ძალები და შინაგან საქმეთა სამინისტრო ერთობლივად აკონტროლებს.
უკვე რამდენიმე დღეა მკაცრად კონტროლდება ქობულეთის საკარანტინო ზონაც, სადაც საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის II ქვეითი ბრიგადის სამხედროები შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად იმყოფებიან.
საკარანტინო შეზღუდვებიდან გამომდინარე დასახლებულ პუნქტებში მხოლოდ სამედიცინო, სასურსათო და საბანკო დანიშნულების მანქანების გადაადგილება ხდება. აკრძალულია ადგილობრივი მოსახლეობის შესვლა და გამოსვლა. საგუშაგოებზე ავტომანქანების სადეზინფექციო ხსნარებით დამუშავება, აღრიცხვა და მოქალაქეების თერმოსკრინინგი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში - გვარასა და ლეღვაში 22-ე ბატალიონი და შსს-ს ძალები გადაადგილების შეზღუდვის ორ ძირითად პუნქტზე არიან მობილიზებული, ხოლო შემოვლითი გზების ბლოკირებას გადაადგილების შეზღუდვის მცირე ზომის 7 პუნქტზე უზრუნველყოფენ.
ამოცანის შესასრულებლად გასვლამდე ბატალიონის პირად შემადგენლობას სპეციალური ინსტრუქტაჟი უტარდება. სადეზინფექციო ხსნარით მუშავდება მათი ეკიპირება და აღჭურვილობაც. საგუშაგოებზე მორიგეობის დასრულების შემდეგ კი, ბატალიონის მეთაური ხელმძღვანელობას ვიდეოკონფერენციის საშუალებით ყოველდღე აწვდის დეტალურ ინფორმაციას დეკონტამინირებული ავტომანქანებისა და იმ პირთა რაოდენობის შესახებ, რომელსაც თერმოსკრინინგი ჩაუტარდათ.