საბერძნეთის ხელისუფლებამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა კერკირის მიტროპოლიტ ნექტარიოსის, ქალაქ კერკირის მერის მეროპი იდრეუსსა და მუნიციპალური საბჭოს თავმჯდომარის დიმიტრიოს მეთალიონოსის წინააღმდეგ ტაძრებში ღვთისმსახურების ჩატარებისთვის კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების პირობებში. ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა Kerkyra simera იუწყება.
სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ განცხადება პირველი ინსტანციის სასამართლოს პროკურორმა დიონისიოს ლამპრიდისმა გააკეთა.
მისი თქმით, კანონის წინაშე პასუხისმგებლობა ეკისრება თითოეულ მოქალაქეს, მათ შორის მიტროპოლიტსა და არჩეული თანამდებობის პირებს, რომლებიც კვირას ესწრებოდნენ ღვთისმსახურებას წმინდა სპირიდონის ტაძარში.
პროკურორის განცხადებით, ყველა პირი, ვინც ტაძარში ბზობის დღესასწაულზე იმყოფებოდა, იძებნება. კერკირის მიტროპოლიტმა ბზობაზე წმინდა სპირიდონის ტაძარში წირვა ჩაატარა. ღვთისმსახურებას დაახლოებით 20 ადამიანი ესწრებოდა. ყველა მათგანს ბრალი ედება კანონის დარღვევაში.
ადგილობრივი მედია იუწყება, რომ მიტროპოლიტმა მრევლს რამდენიმე დღის წინ მოუწოდა, რომ ტექსტური შეტყობინებები გაეგზავნათ ხელისუფლებისთვის, თითქოს ქუჩაში სავარჯიშოდ ან შინაური ცხოველების გასასეირნებლად გადიოდნენ, შემდეგ კი ეკლესიებში წასულიყვნენ.
საბერძნეთში, კორონავირუსის გავრცელების გამო დაწესებული საგანგებო ზომების ფარგლებში, ქუჩაში გასვლის წინ მოქალაქეებმა ხელისუფლების წარმომადგენლებს ტექსტური შეტყობინებები უნდა გაუგზავნონ და გარეთ გასვლის მიზეზები აცნობონ.