ევროკავშირი საქართველოს კორონავირუსთან საბრძოლველად 183 მილიონ ევროს გამოუყოფს. ამის შესახებ ევროკომისარმა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰელმა მიკრობლოგ "ტვიტერზე" დაწერა.
როგორც ოლივერ ვარჰელი წერს, ევროკავშირი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების დასახმარებლად 962 მლნ ევროს გამოყოფს. ამ თანხის ნაწილი, კერძოდ 183 მლნ ევრო საქართველოს დასახმარებლად დაიხარჯება.
ევროკავშირის მიერ გაწეულ დახმარებას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი გამოეხმაურა.
"უაღრესად ვაფასებთ ევროკავშირის გადაწყვეტილებას, რომელიც შეეხება საქართველოსთვის ორმხრივი დახმარების ფარგლებში 183 მლნ ევროს ოდენობის თანხის გადამისამართებას კოვიდ-19-ის პანდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად", - წერს დავით ზალკალიანი.