ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვალების რაოდენობა მცირდება. ბოლო 24 საათში ქვეყანაში, კორონავირუსული ინფექციით 637 ადამიანი გარდაიცვალა. იუწყება ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტრო.
უწყების ინფორმაციით, გარდაცვალების ბოლო მაჩვენებელი ყველაზე დაბალია, რაც კი 24 მარტის შემდეგ დაფიქსირებულა.
ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვალების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გასულ ხუთშაბათს დაფიქსირდა და დღე-ღამეში 950 შეადგინა.
საგულისხმოა ისიც, რომ ესპანეთში იკლო კორონავირუსით ინფიცირების რაოდენობამაც. ესპანეთში, რომელიც ინფიცირების მაჩვენებლით მსოფლიოში აშშ-ის შემდეგ მეორე ადგილზეა, 3 აპრილს დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 7100-ს აჭარბებდა, ხოლო 5 აპრილს - 5400-ს.
სულ ესპანეთში კორონავირუსით ინფიცირების 131 646 შემთხვევაა აღრიცხული. გარდაიცვალა 13 055 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 40 000-ზე მეტი პაციენტი.