სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ალექსანდრე მოწერელიას ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუკი კორონავირუსით ინფიცირებული სპორტსმენის სამ უშუალო კონტაქტს განმეორებითი ანალიზის შემდეგ კორონავირუსი დაუდასტურდა, რეგიონი, შესაძლოა ჩაიკეტოს.
გუბერნატორი ამბობს, რომ ინფიცირებული პირის კონტაქტების წრე ფართოვდება.
არსებული ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებული ერთ-ერთი პირი სპორტსმენია, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში სამეგრელოს რეგიონში იმყოფებოდა.
"ერთ-ერთ მოქალაქეს, რომელსაც დაუდასტურდა კორონავირუსი და რომელიც ამჟამად თბილისში, კლინიკაში იმყოფება, 27 მარტს იმყოფებოდა ჩვენს რეგიონში. რამდენიმე ადგილზე ფიქსირდება მისი კონტაქტები – როგორც ზუგდიდში, წალენჯიხის რაიონის ორ სოფელში, ასევე ჩხოროწყუს რაიონში. ყველა ამ კონტაქტის უმრავლესობა უკვე გამოვლენილია და მოქალაქეებს გადავიყვანთ კარანტინში", – განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.