საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან ერთად, შეიმუშავა და დაამტკიცა კორონავირუსით გარდაცვლილთა დაკრძალვის პროტოკოლი.
კორონავირუსის ეპიდემიის პირობებში სამედიცინო დაწესებულებაში პაციენტის გარდაცვალების შემთხვევის მართვის დროს დაცული უნდა იყოს ინფექციის კონტროლის შემდეგი ღონისძიებები:
1. COVID-19-ით დაინფიცირებული, ან საეჭვო პაციენტის გარდაცვალების შემთხვევაში, გვამი უნდა დაფაროს ზეწრით და მოთავსდეს წყალგაუმტარ გვამის ჩანთაში, მაჯაზე გაუკეთდეს საიდენტიფიკაციო ინფორმაციის შემცველი მინიშნება, შემდგომ ჩანთა შეიკრას მჭიდროდ თავიდან ბოლომდე ელვა-შესაკრავის საშუალებით, ისე, რომ გამოირიცხოს გვამის სითხეების გამოჟონვის შესაძლებელობა; გვამის მაიდენტიფირებელი ინფორმაცია (მაჯაზე გაკეთებულის იდენტური) უნდა დაერთოს (სპეციალური სამაგრით, ან ჯიბის საშუალებით) გვამის ჩანთას
გარედან.
გვამის ჩანთაში ჩადების წინ საჭიროა დაცული იქნეს შემდეგი წესები:
• გვამიდან ფრთხილად უნდა იქნეს მოშორებული კათეტერები, მილები და დრენაჟები; მათი ამოღების ადგილს უნდა ჩაუტარდეს დეზინფიცირება 1%-იანი ჰიპოქლორიტით;
• გვამიდან მოცილებული ბასრი საგნები (მაგ. სისხლძარღვშიგა კათეტერები) უნდა მოთავსდეს ბასრი საგნების კონტეინერში;
• ბიოლოგიური სითხეების გაჟონვის თავიდან აცილების მიზნით დახშულ უნდა უნდა იქნეს პირის ღრუ და ცხვირის ნესტოები;
• გვამის დამუშავების დროს წარმოქმნილი ყველა ნარჩენი უნდა განთავსდეს ინფექციური ნარჩენების კონტეინერში.
2. შემდგომ ხდება გვამის ჩანთის ტრანსპორტირება სამედიცინო დაწესებულებაში არსებულ გვამის დროებითი დაყოვნების სათავსში, სადაც ჩანთას გარედან უკეთდება ინფექციური საფრთხის მიმანიშნებელი საერთაშორისო სიმბოლო.
3. გვამის დროებითი დაყოვნების სათავსში უნდა მოხდეს გვამის ჩანთის გარე ზედაპირის დეზინფიცირება.
4. დროებითი დაყოვნების სათავსში გვამის განთავსებიდან არაუმეტეს 1 საათის განმავლობაში უნდა ეცნობოს შესაბამის სარიტუალო/დამკრძალავ სამსახურსა და ოჯახის წევრებს გარდაცვალების ფაქტის დადგომასა და დროული გადასვენების აუცილებლობის თაობაზე.
5. ოჯახის წევრები და სარიტუალო/დამკრძალავი სამსახური ინფორმირებული უნდა იყვნენ ინფექციის გავრცელების საფრთხისა და საჭირო ღონისძიებების თაობაზე:
• გვამის გადასვენება ხორციელდება სასახლით, რომელშიც იგი თავსდება გვამის ჩანთით, რომლის გახსნა მიცვალებულის გადასვენებისა და დაკრძალვის ნებისმიერ ეტაპზე აკრძალულია;
• საჭიროა მიცვალებულის დროულად (არაუმეტეს 72 სთ-ის განმავლობაში) დამარხვის ორგანიზება და ხალხმრავალი პანაშვიდებისგან თავის შეკავება.
6. COVID-19-ის დადასტურებულ, ან სავარაუდო შემთხვევაში, უნდა გამოირიცხოს გვამის ბალზამიერება და ნებისმიერი დამატებითი კონტაქტი, მათ შორის პათოლოგ-ანატომიური გაკვეთა; ამ უკანასკნელის აუცილებლობის შემთხვევაში, მკაცრად უნდა იქნეს დაცული უსაფრთხოების მოთხოვნები.