საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
გარდაცვლილია 79 წლის ქალი, რომელიც კლინიკაში 31 მარტს მოათავსეს. ის მარნეული-ბოლნისის კლასტერს ეკუთვნოდა. მისი მდგომარეობა თავიდანვე კრიტიკულად ფასდებოდა.
პაციენტის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგი გამართა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ.
მისი თქმით, გარდაცვლილ პაციენტთან საკმაოდ მძიმე თანმხლები დაავადებები იყო.
"აქ ძირითადი დიაგნოზი არის ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადება, მწვავე პნევმონია. გართულებები გახლდათ მოზრდილთა რესპირაციული დისტრესსინდრომი, სეფსისი, სეპტიური შოკი, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, გულსისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა და გულის მწვავე უკმარისობა", - თქვა გამყრელიძემ.
საქართველოში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. პირველი ინფიცირებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. ინფიცირებული პირებიდან 2 შემთხვევა ირანს უკავშირდება, ერთი ესპანეთს, ხოლო დანარჩენი პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულია იტალიასთან, აზერბაიჯანთან, ამერიკასთან, ინგლისთან, საფრანგეთსა და თურქეთთან.
04 აპრილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 157-ს აღწევს. საკარანტინო რეჟიმში იმყოფება 5 526 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 344. გამოჯანრთელდა 28 პაციენტი.
ვირუსის მასობრივი გავრცელების თავიდან ასაცილებლად, შეიქმნა უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭო, რომელიც ოპერატიულად აფასებს სიტუაციას და ახალ შეზღუდვებსა და რეკომენდაციებს შეიმუშავებს.
სამინისტროები და უწყებები 24-საათიან საგანგებო მუშაობის რეჟიმზე გადავიდნენ. რეკომენდაცია გაიცა დახურულ სივრცეში ყველა სპორტული, კულტურული ღონისძიებების გაუქმების შესახებ. ყველა სასწავლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესი 1 აპრილამდე გადაიდო.
22 მარტს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. 23 მარტს კი მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში საკარანტინო რეჟიმი დაწესდა.
31 მარტიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა და დაწესდა კომენდანტის საათი.