მოქალაქეებისთვის, ვინც დაკარგა სამუშაო, გვექნება სპეციალური ღონისძიებები - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშრებით, საკოორდინაციო საბჭოს სდომაზე განაცხადა.
მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეის მდგომარეობით, ეკონომიკის პირდაპირი დახმარების თვალსაზრისით 2 მილიარდი ლარი გამოიყო.
პრემიერის შეფასებით, ეს არის ის დახმარება, რომელიც მიმართული იქნება, როგორც სამუშაო ადგილების შესანარჩუნებლად, ასევე კომპანიების შესანარჩუნებლად, კომპანიების მიმდინარე წარმოების, მიმდინარე ბიზნესების შესანარჩუნებლად.
"რა თქმა უნდა, გვესმის, რომ ჩვენ უნდა მოვახდინოთ თითოეული მოქალაქის იდენტიფიცირება, რომელმაც დაკარგა სამსახური და ამის შემდგომ ჩვენ გვექნება სპეციალური ღონისძიებები მათი პირდაპირი დახმარებისთვის.
გარდა ამისა, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ჩვენს შემთხვევაში უკიდურესად მნიშვნელოვანია, რაციონალურად გამოვიყენოთ თითოეული ლარი, რომლის მობილიზებაც დღეის მდგომარეობით მოხერხდა ბიუჯეტში და ეს არის 2 მლრდ ლარი ეკონომიკის, მოქალაქეების პირდაპირი დახმარების თვალსაზრისით, ხოლო 351 მლნ ლარი Covid 19-თან ჯანდაცვის თვალსაზრისით პირდაპირი ბრძოლის კონტექსტში", - აღნიშნა გიორგი გახარიამ.
გიორგი გახარიას შეფასებით, ყველაზე მნიშვნელოვანია, როგორ ახერხებს მთავრობა თითოეული მოქალაქის პირდაპირ დახმარებას დღევანდელ ეტაპზე.
"ამ მიზნით, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს, ვინც თვის განმავლობაში მოიხმარს 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას და ასევე 200 მ3-ზე ნაკლებ ბუნებრივ აირს, 3 თვის განმავლობაში - მარტში, აპრილსა და მაისში გადასახადები სრულად დაუფინანსდება", - თქვა პრემიერ-მინისტრმა.